Monday, May 30, 2011

თითქმის დავიწყებული ამბავი.

მივედი,როგორც მიდიან ხოლმე.მისვლისთანავე შემეგებნენ უცხო სახეები,მეც ჩემებურად მივეგებე.ვცადე გამოსაუბრება ერთ სანდომიან გოგონასთან,მაგრამ სახემ ნიღაბი მოიხსნა და მეც შევცდი.არ გამოდგა კარგი მოსაუბრე.ტრადიციულად მარტო დავრჩი ჩემს თავთან.კედელს მივეყუდე,ცივი იყო,მაგრამ მომერიდა და აღარ გამოვწეულვარ უკან.იქვე სამნი საუბრობდნენ ისეთ თემებზე,რაზეც მეც სიამოვნებით ვისაუბრებდი,მაგრამ ჩემმა მორიდებამ მათთან მისვლის საშუალება არ მომცა,შორიდან ვაკვირდებოდი.ალბათ,ვერც კი ამჩნევდნენ.ხშირად მიფიქრია,ნეტავ მეც თუ მაკვირდებიან ხოლმე ასე ჩუმად,ტრანსპორტში,ქუჩაში,ისე,რომ მე ვერ ვხედავ.ცოტა ხანში შევნიშნე იქვე მდგომი მამრის მზერა.მერე როგორც ხდება ხოლმე - ვუყურებდი ყველაფერს,მის გარდა. ზურგი და ფეხები მთლიანად გამეყინა.ხელში შერჩენილი ბატი-ბუტი ჩანთაში ჩავაბრუნე და ვეცადე შიგნით რაიმე საინტერესო მომეძია.ვერაფერი ვიპოვნე.დავხურე და ისევ ზურგზე მოვიკიდე.
ცოტა ხანში გაიღო კარი და მეც შევედი.ვიღაც შუახნის მამაკაცმა გვამცნო,რომ დაცდა მოგვიწევდა 2 საათამდე,ვინაიდან მერს ელოდებოდნენ.
-მერი 2 საათზე მოვა?
-კი.
-მერი არ მოვა 2-ზე,მერი მოვა 3-ის ნახევარზე.
გაკვირვებულმა შემომხედა:
-შენ ყველაზე მიხვედრილი ყოფილხარ.



სირცხვილი უხერხული პასუხის გამო სახეზე მომედო.ვერ მივხვდი ირონიით მითრა თუ-პირიქით. (ამის წერის დროს,ის მამაკაცი,ვისზეც ამ წამს ვწერ,ჩემს წინ დადგა.გამეცინა.სამწუხაროა,რომ ვერ მიხვდა და ვერც ვერასდროს მიხვდება,რომ მასზე წერდა გოგო,რომელსაც ის უყურებდა).
შორს ვიღაც კლავიშს აწვალებდა.მესიამოვნა მისი წაღმა-უკუღმა თითების სირბილის ყურება. აქვე ვინანე,რომ ვერ შევძელი მისი თითების ბედის გაზიარება.ის კი უკრავს და უკრავს..და,აბა საიდან ეცოდინება,რომ იმ წამს ვიღაცას მისი შურს..
ცოტა ხანში დარბაზში შეგვიპატიჟეს.უხერხულად მოვავლე თვალი იქაურობას.ეს ფრაზა დასრულებული არ მქონდა,რომ წინ მჯდომმა გოგონამ შემომხედა და მკითხა:
-სულ წერთ?
-როგორ?
-სულ წერთ-მეთქი?
-არა.


გავიკრიჭე უაზროდ.არადა სულ სხვა პასუხი მინდოდა,რომ გამეცა.
ვზივარ ახლა და ვფიქრობ,ღირდა კი საერთოდ მოსვლა? ჩემი გამარჯვების შანსი ისეთივე მცირეა,როგორც ის,რომ სახლში დაბრუნებულს სადარბაზოსთან მერსედესი დამახვედრონ და გასაღები გადმომცენ.წამოსვლამდე უნდა მეფიქრა იმაზე,რომ არ მიყვარს ბევრ ხალხში ყოფნა,მითუმეტეს როდესაც მაკვირდებიან.თითქმის 180 გრადუსით მიტრიალებული თავით ვაკვირდებოდი ანთებულ პროჟექტორს,სადღაც 5 წუთი და ამდენივე ხანი ვგრძნობდი ადამიანების მწველ მზერას. რა თქმა უნდა არც ერთს არ ვაგრძნობინე,რომ ასეთ დროს საოცარი უნარი მაქვს კიდევ ორი წყვილი თვალი ყურებზე ან შუბლზე გამოვისხა და მათი თვალის მოძრაობები ვაფიქსირო.
მე ზუსტად ვიცი,რომ ვერ გავიმარჯვებ.არ მიკვირს,სასწაულები ხომ არ ხდება?! ჩემს გამოგზავნილ პროზაში კი სწორედ "თითქმის მომხდარ სასწაულზე" ვსაუბრობ,თუმცა აქ რეალობაა და არა ფურცელზე დაწერილი მოთხრობა,თითების მაგივრად კალამი მიჭირავს და ფურცლის მაგივრად,ფურცელზე მაგარი კანი მაქვს სხეულზე.დიახ,ეს რეალობაა..

პ.ს.ეს ჩემი ძველი ჩანაწერია,რომელსაც დღეს წავაწყდი.დავამატებ იმას,რომ ჩემმა პროზამ ვერ გაიმარჯვა,მაგრამ რჩეულ მოთხობებს შორის მაინც დაიკავა ადგილი და წიგნშიც დამიბეჭდეს.

No comments: