ამ ყველაფერზე ილია 1861-1894 წლებში საუბრობდა. მას მერე დიდი დრო რომ გავიდა თქვენც კი შეამჩნევდით.ამ აზრებსა და დღევანდელ ყოფას შორის პარალელის გავლება თქვენთვის მომინდია.
"განა შეტყობა იმისი,თუ - რა არის ცაში, ან ცის იქით, - მუდამის წყურვით შესატყობარი არ არის ერთობ ადამიანისათვის? განა ამის ვერ მიღწევის უღონობა ზოგად-კაცბრიული ჩივილი არ არის უძლურებისა? განა ამაებში ტრიალი გონებისა არ არის ზოგად-კაცობრიობის გაუთავებელი ტრიალი იმ საიდუმლოების უძირო მორევში,რომელსაც არც თავი აქვს,არც ბოლო,არც ჰო და არც არა?"
"ერთის ბრძენისა არ იყოს,ქვეყანაზედ ზოგი იმისთანა საგანია,რომ თუ არ დაინახე,ვერ ირწმენ, და ზოგიც იმისთანაა,რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა,თუ ცის იქით,სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის,რომ თუ არ ირწმუნე,ვერას დაინახავ."
"დროთა-ბრუნვა მარტო ხორცს ერჩის,ხორცსა სძლევს.ხორცს მაგისთვის არც ფარი აქვს და არც ხმალი.ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია.ის ერთი-სული და გულია,უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი.შესაძლოა ხორცი დაბერდეს,სული და გული- კი ისევ ჰყვაოდეს,თუკი ადამიანი საკადრისად უპატრონებს,ადამიანურად მოუვლის,ხორცის მბრძანებლად გახდის და ხორცს არ გაალახვინებს.ხორცით დაბერებულს სული და გული ჭაბუკისა შერჩება ხოლმე საფლავის კარამდინა. უკეთესნი და უდიდესნი კაცნი ქვეყნიერობაზედ ამისთანანი ყოფილან."
"კაცთა საზოგადოება თავისის სიმკვიდრისა,შეურყეველობისა და არსებობისათვის ყოველ ცალკე ადამიანისგან ითხოვს იმოდენა სათნოებას,რომ ნაკლები შეუძლებელიღაა კაცთა კრებულად ცხოვრებისათვის.იგი გვეუბნება,თუ ერთმანეთობა გინდა,თუ კებულად ყოფნა გსურს,ამა-და-ამაზედ ნაკლები სიმართლე არ იქონიო,ამა-და-ამაზედ ნაკლებ გულმოდგინედ და ერთგულად არ მოეკიდო შენს მოვალეობას,ამაზედ ნაკლები თანაგრძნობა,თანაზიარობა ერთმანეთობაში არ დაიზარო,ამა-და-ამაზედ ნაკლები საყოველთაო ტვირთი არა ჰზიდო,და მებრვე სხვა."
"რომ მე მართლა-და ჭეშმარიტად ბედნიერი ვიყო,საჭიროა ყველა სხვა სულერნიც ბედნიერი იყვნენო", - ამბობს ერთი მეცნიერი. მადლის მოედანი და სარბიელი ეს არის. ყოველი კაცი ბედნიერებისათვის იღწვის,მაგრამ ყოველს კაცს მიჩნეული აქვს თავის საკუთარ ბედნიერებად სხვისი ბედნიერება,ანუ,უკეთ ვსთქვათ,თავისი საკუთარი ბედნიერება სხვის ბედნიერებასთან განუყოფლად ყოველს კაცს ვერ გაუერთებია.
ამ გაერთებისათვის დიდის ხიდის გადებაა საჭირო და ამას დიდი ღონე უნდა სულისა,დიდი შეძლება გულისა, და ყველა კაცს არ მოეკითხება. ვისაც-კი ეგ ღონე და შეძლება აქვს,იგი მით ნაწილია ყველასი, - ჩემიც,თქვენიც და სხვისაც იმიტომ,რომ,იგი ჩემს,თქვენს და სხვის ბედნიერებაში ეძებს მხოლოდ და ჰპოულობს თავის საკუთარ ბედნიეერბას და,მაშასადამე,იმისი ბედნიერება თუ უბედურობა - ჩემი,თქვენი და სხვისი ბედნიერება და უბედურობა უნდა იყოს.
ეს ისეთი ძნელი გასადები ხიდია,ეს ისეთი მძიმე და ეკლიანი გზაა,რომ თვითოეული ბიჯი ღვაწლია და მსხვერპლი, და რადგანაც ღვაწლია,რადგანაც მსხვერპლია,ამიტომაც მადლია,და რადგანაც მადლია,ამიტომაც გულთა მიმზიდველია,გამმსჭვალავია გაოცებამდე,გაკვირვებამდე.ამისთანა კაცი მზესა ჰგავს,რომელსაც ბრმაც-კი ჰგრძნობს,თუმცა არა ჰხედავს.
"მხოლოდ დიდ-ბუნებიანთა კაცთა თვისებაა ერთხელ რწმენილი და აღიარებული გაიხადონ თავის სიცოცხლის საგნად და მას ქვეშ დაუგონ თავისი ცხოვრება და, თუ საჭიროება მოითხოვს,შესწირონ თავი თავისიცა ნიშნად იმისა,რომ ჭეშმარიტება მეტად უღირს,ვიდრე საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე."
"სარწმუნოება სინიდისის,სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი."
"არ ვიცით - რანი ვყოფილვართ,არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით! ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ,არც არაფერი გვესმის.უზარმაზარი თხრილია ჩვენ,ქართველების წინ და აინუნშიაც არ მოგვდის.ამ თხრილის პირად ვდგავართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად.ორბი,არწივიც კი ვეღარ გვიპოვის,ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს,რომ გამოხრან,გამოსწიწკნონ,ისეთი ღრმაა ეს თხრილი,ისეთი უძირო.ვდგავართ და უღონოდა ვბზუით "მე ვარ და ჩემი ნაბადიო" და ამ ბზუილიდამ არა გამოდის-რა.იქნება იმიტომ,რომ ყველა ბუზი კი ბზუის,ფუტკართან-კი ყველა ტყუის.ახალო წელიწადო,თუ რამ შეგიძლიან,თვალი აგვიხილე,ყურებიდამ ბამბა გამოგვაცალე,ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცონი ზნენია,რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარ სთქვას:რა გითხრათ? რით გაგახაროთო?"
"ძველნი ფილოსოფოსნი ამტკიცებდნენ და ახალნიც ემოწმებიან,რომ ყველაზედ ძნელი ადამიანისათვის თავისის-თავის ცნობა,თავისის-თავის ცოდნა არის,ესე იგი,იცოდეს რის ძალ-ღონის პატრონია და იმის კვალობაზედ ამ წუთის-სოფლის სუფრაზედ თვისი ჭეშმარიტი ადგილი დაიჭიროს და ცხოვრებას ადამიანისას აქედამ მისცეს თავისი შემძლებელი მხარი."
"ჩუმი,მშვიდობიანი,დინჯი,არა-მყვირალა და ჩხავანა მოღვაწეობა, - საცა უნდა იყოს, - თუ გულმხურვალობით არის გამთბარი,გულმოდგინეობით წარმართული,ერთგულობით ძირმაგარი და პატიოსნებით ნათელცხებული, - უტყუარი ნიშანია თითონ მოღვაწის დიდ-ბუნებოვანებისა."
"ამ წუთას სოფელში ადამიანს ბევრი და მრავალ-სახის საქმე აქვს საკეთებელი,როგორც კერძოდ თავის-თავისათვის,ისეც ზოგადად ყველასათვის. სათითაოდ ყველას ერთნაირი დანიშნულება არა აქვს,სათითოოდ ყველას რაიმე დანიშნულება კი უსათუოდ აქვს. მაღალზნეობის თვალის წინაშე სადიდე ადამიანისა დანიშნულების სიდიდეზედ არ არის დამოკიდებული. მრავალ-გვარია ნიჭიერება,ღონე და მიდრეკილება ადამიანისა. სიდიდე და ღირსება ის არის,ვინ როგორ აურჩია საქმე თავის ნიჭსა,ღონესა,მიდრეკილებაა და ვინ როგორ უძღვება. თითონ საქმის მეტ-ნაკლებობა აქ არაფერს შუაშია,დიდი და პატარა სულ ერთია,ოღონდ კაცმა იმას მიჰმართოს,იმას ჩაჰჭიდოს ხელი,რაზედაც გული მიუწევს და ნიჭი და უნარი მიუწვდება. უამისოდ ყოველი დიდი საქმე მცირეა და ამისით კი ყოველი პატარაც დიდია."
"ზნე-ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანის კაცისა,თუ ეგრე ითქმის.რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა.მისი სულიერი ბუნებაა,მასშასადამე,წვრთნა ზნე-ხასიათისა ზრდაა,გარკვევაა მისის სულიერის ვინაობისა,სულიერის ბუნებისა,ანუ,უკეთ ვსთქვათ,მისის კაცობისა,ადამიანობისა."
"ჭეშმარიტი განათლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად.თუ კაცს ან ერთი აკლია,ან მეორე,იგი განათლებული არ არის და,ჩვენის ფიქრით,ისევ გონებაგანუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწურთვნილი კაცი სჯობია,ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათით გაუწვრთნელი."
"გმირობა,რა სახისაც უნდა იყოს,სულის ღონეა და არა ხორცისა,და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლიან.აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ,სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად-თუ-ბევრად რიგიანს განათლებას შეუძლიან და სხვას არაფერს."
"რა არის იგი სწავლა,განათლება,ზნეობა-გაწვრთნილობა,რომ თავისუფლების ჭეშმარიტი მნიშვნელობაც ვერ გამოარკვევინოს ადამიანსა,იმოდენა ღონე არ მისცეს სულისა,რომ ადამიანი მის მაღალ მნიშვნელობას ასწვდეს და ბოროტის ქმნის თავისუფლებას სიკეთის ყმობა არ არჩევინოს."
"დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია,რომ ადამიანს .ჭკვა-გონების გარდა,გულიცა აქვს,რომელსაც კაი-კაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა,როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა."
"ჩვენში ხორციელი თვალი უფრო მოქმედებს,ვიდრე თვალი სულისა."
"ცხოვრება ცალკე ადამიანისა,თუ მთელის ერისა,უფრო წეწვა-გლეჯის ბაზარია. დღეს ისეა მოწყობილი და რას იზამ? ცხოვრება მარტო არებ-მიცემობაა ერთმანეთის ჭკუისა,თუ ხელის ნაწვავ-ნადაგისა,ნაამაგარ-ნაშრომისა,ნაომარ-ნარბევისა. იგი ის მოედანია,საცა ჭიანჭველასავით ირევა დიდი და პატარა,საცა მაძღარი მშიერს წვრილად უფხვნის,გამარჯვებული დამარცხებულს ფეხ-ქვეშა სთელავს,ძლიერი უძლურს ეტანება შესაჭმელად, უძლური ძლიერს გაურბის და ორნივ-კი - დამწევიც და გამქცევიც - ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ღმერთს ეხვეწებიან - ხელი მომიმართეო."
"სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული,ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ უპატრონეთ,რა კაცები ვიქნებით,რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას."
"ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს,რომ ერის პირქვე დამხობა,გათახსირება,გაწყალება იქიდამ დაიწყება,როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს,როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა,თავისის ყოფილის ცხოვრებისა,დავიწყება ისტორიისა,თავისი წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისგან - მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა,დარღვევისა და მთლად წაწყმედისაცა.წარსული - მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავალისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა,სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული,რომ ერთი უმეორეოდ წარმოუდგენელი,გაუგებარი და გამოუცნობია.ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან,რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან,არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟმთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი."
"ჩვენთვის,ადამინანებისთვის,საჭიროაო, - ამბობს ბრძენი სენეკა, - იმისთანა კაცი,რომ მის მიხედვით და მაგალითით შევიძლოთ საკუთარის ხასიათის გაწვრთნა და გამტკიცებაო. ოჰ,რა ბედნიერია იგი,ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ,არამედ მარტო თავისის სახელის ხსენებითაცაო."
"ჩვენის შიდა-ცხოვრების ისტორია ჯერ ფარდა-აუხდელია და უცნობი ჩვენგან. ჩვენი "ქართლის ცხოვრება" ხალხის ისტორია კი არ არის,მეფეთა ისტორიაა,და ხალხი კი,როგორც მოქმედი პირი ისტორიისა,ჩრდილშია მიყენებული. თითქო ხალხის ისტორიის შესამეცნებლად საკმაოა კაცმა იცოდეს მარტო მეფეთა ისტროია. თითონ მეფეთა მოქმედებაც ნაჩვენებია საგარეო საქმეთა შესახებ და არა შესახებ შიდა-საქმეთა.
ამის გამო არც ერთი უეჭველი საბუთი არ უდევს სარჩულად არც ერთს ისტორიულს ფაქტს ჩვენის ხალხის ცხოვრებისას.
თუმცა ასეა,მაგრამ არის ერთი ამისთანა ისტორიული მოვლენა,რომელსაც ვერავინ უარს ვერა ჰყოფს და რომელიც დღესაც უკვირს ყველას,ვისაც კი ამ მოვლენისათვის თვალი დაუკვირვებია.
უეჭველია რომ ჩვენს ხალხს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია თავისის ცხოვრებითა და თვითმოქმედებითა.უეჭველია,რომ ამ ორი ათას წელს იმისთანა ხანა ისტორიისა არ დასდგომია,რომ მტრისგან მოსვენებული ყოფილიყოს ზედ-მიყოლებით და გაუწყვეტლივ ასი წელიწადი მაინც ერთად.
საქართველო დღე-და-ღამ იარაღით ხელში იდგა,მტერი ყოველ მხიდან მოწოლილი იყო.ჩვენი ხალხი თითქმის ორი ათასი წელი იბრძოდა,ომობდა,სისხლსა ღვრიდა,და ბოლოს მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს თვითმყოფობითი სული ისე დალია,რომ ჩვენს ქვეყანას არავისი ვალი და ვახში არ დასდებია.
ვსთქვათ,მკლავმადა გულმა შესძლო ეს გოლიათობა,საკვირველი ეს არის - რა ქონებამ გაუძლო ამისთანა ყოფასა? რა ჰკვებავდა ხალხსა,რა ქონებით უძღვებოდა ამოდენა ომებსა და სისხლის ღვრასა?ეს ერთი მუჭა ხალხი თითქმის ქუდზედ კაცად უნდა მდგარიყო იარაღით ხელში,რომ მტრისგან მტვრად არ აღგვილიყო,- და საზრდოებას ვინ აძლევდა და რა აძლევდა?
ყოველს ამ საგანზედ უეჭველი და გულდადებითი პასუხი მეტად ძნელია.ამ შემთხვევაში ჩვენი "ქართლის ცხოვრება" ხელს ვერაფრით შეგვიწყობს. ერთს იმისთანას არას გვანიშნებს,რომ საბუთად ვიხმაროთ უეჭველის დასკვნისათვის. მხოლოდ უნდა ვიგულისხმოთ ,რომ ამისი პასუხი ჩვენი ეკონომიურს აგებულებასა და წყობაში უნდა მოინახებოდეს.უეჭველია,ჩვენი უწინდელი ეკონომიკური წყობა ისეთი ყოფილა,რომ ხალხს იქიდამ ჰქონია ის ქონებითი ძალ-ღონე,რომლითაც იგი გასძღოლია ამოდენა ვაი-ვაგლახსა და ომებსა ამოდენა ხსნი განმავლობაში. აი,საგანი ღირს შესანიშნავი და მეტად საინტერესო გამოსაკვლევად. ეს საგანი რომ თვალწინ ჰქონდეს ჩვენს ეხლანდელს მეისტორიეს,ამ საგანზედ რომ უეჭველი პასუხი მოგვცეს ვინმე,ბევრს ნათელს მოჰფენდა აწმყოსა და მომავალსაც გზას გაუნათებდა."
"ჩვენს ცხოვრებაში არის იმსთანა ფესვნი,რომელთა ზედაც შეიძლება ამოვიდეს სიკეთე ერთობისა და ყველასათვის სახეიროდ გაიშალოს. ამას უნდა დავტრფოდეთ და შევხაროდეთ და არა ვთაკილობდეთ და ვმტრობდეთ."
"ისტორიაო,- ამბობ ერთი მწერალი, - ბრძოლაა ბუნებასთან,სიღარიბესთან,გონების სიბნელესთან,ღონემიხდილობასთან,მაშასადამე ყოველგვარ შევიწროვებასთან,რომელსაც ადამიანი პირისპირ შეემთხვევა ხოლმე,როცა ისტორიის ასპარეზზედ გამოდისო. ერთს ბიჯსაც წინ ვერ წავდგამთ ამ ბრძოლაში,თუ ყველამ ცალკე გავწიეთო.ყველამ ცალკე ვიბრძოლეთო."
"პატარა დალაგებით რომ დაუფიქრდე იმ ხავსმოკიდებულს გუბეს,რომელსაც ჩვენ,ქვეყნის სამასხარაოდ,ცხოვრებას ვეძახით,რომელშიაც ჩვენ,რაღაც დაუდეგარის კმაყოფილებით,ვჭყუმპალაობთ, და რომლიდამაც ათასი სხვადასხვა-ფერი ნაკადული იწრიტება ცალ-ცალკე და სხვადასხვა გზით მიდის,და "რაოდენადაც ერთანეთზედ შორსა ვალს,ეგოდეს დაუძლურდების", - ამ გუბეს რომ თვალღია და აუჩქარებლივ დააკვირდე ,მაშინ შენც ჩემთან ამოიკვნესებ და იტყვი: "ვართ-ღაო!"
"ჩვენი გულითადი რწმენა ყოველთვის ისა ყოფილა და არის,რომ ერის წარმატება,ქონებრივი თუ გონებრივი,შესაძლებელია მხოლოდ მაშინ,როცა ერი წოდებათა დაუყოფელად,დიდ პატარაობის გაურჩევლად და გამოუკლებლად ერთიანის მეცადინეობითა და გარჯით ჰცდილობს ცხოვრების გზა გაიკვალოს და ბურთი ბედისა გადაიტანოს წუთისოფლის მოედნიდამ ყველამ ერთად საყოველთაოდ. ცალ-ცალკე თლა ლხინისა თავისაკენ და ჭირისა სხვისაკენ,მარტო თავის-თავის ხსოვნა და სხვისი დავიწყდება მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთო ცხოვრებისა და საცა ეგ ურთიერთობა არ არის,იქ არც იგი კრებულია,რომელსაც ერი ჰქვიან."
"ვაი იმ ხალხს,რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას,საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა,საცა ყველაში თითო არ არის და თითოში-ყველა,საცა თვიტეული ყევლასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისთვის,საცა "მე" ხშირია, და "ჩვენ" - იშვიათი!"
"ჩვენ ადრევაც გვითქვამს,რომ ეხლანდელს დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოღიკამ გზა შეიშალა,თითქო ან მართულები მოეშალა,ან ღერძი გადაუბრუნდაო. სულ ყველაფერი აირივ-დაირივა,ტყუილი და მართალი ვეღარავის გაურჩევია,ქვენა-გრძნობანი ზენა-გრძნობათა ადგილას გამეუფდნენ,ცოდვამ მადლის პირდბადე ჩამოიფარა, ყალბი ხალასად გადის და ნაძირალა თავანკარად,თითქო ჭკუისა და გულის არებ-მიცემობაში აღარ იშოვება საწყაო ცოდვისა და მადლისა,ტყუილისა და მართლისა.
ამ უნუგეშო ყოფას ხშირად ჩავუფიქრებივართ ჩვენ და ხშირად მოგვწყურებია გამორკვევა მიზეზისა,უფრო იმიტომ,რომ ეს არევ-დარევა აზრებისა,ეს გაურჩევლობა ტყუილისა და მართლისა,ბოროტისა და კეთილისა,არსად სხვაგან ისეთის თავმოწონებით არ გატამამებულა,არ გაკადნიერებულა,როგორც ჩვენში.ეს ადვილი მისახვედრიც არის: სულელობას,ოღონდ მეცნიერების სახელით კი გამოვიდეს მოედანზედ და ლიბერალობა მოეწეროს ქვეშ,არსად იმისთანა უვიცობის ხნული არ დახვდება ფესვის მოსაკიდებლად,როგორც ჩვენში."
"უარყოფა დიდ მოდად შემოვიდა ბრმათათვის.ვისაც ადვილად და მოუმზადებლად კუსავით ფეხის გამოყოფა უნდოდა ქვეყანაზედ,ეგ მოდა უნდა მიეღო.ამისთვის ორიოდე ფრაზა იყო საჭირო. ერთი ის, რომ პოეზია, და ერთობ ხელოვნება, რა ჭკვიანი კაცის საქმეა,ერთი წყვილი წაღა შექსპირს მირჩევნიაო; მეორე - ავტორიტეტები არა მწამსო; მესამე - ისტორია ზღაპარიაო; და მეოთხე - ქვეყანაზედ მარტო გლეხკაცია ადამიანი და თავადი და აზნაური კი არაო.ეს ფრაზები რომ დაგესწავლათ,ლიბერალი იყავით და ლიბერალი. აი სწორედ ამ-გვარ ლიბერალობაში ჩაცვივდნენ ჩვენებურის ყმაწვილ-კაცობის ბევრი წილი. დღესაც,აბა დააკვირდით ჩვენებურს შინ-გამომცხვარს ლიბერალებს,თუ მარტო ამ უთავბოლო ფრაზებით არ იკვებებოდნენ და ქვეყნის სასაცილოს თავიანთ თავს ლიბერალებად და რადიკალებად არა ხადოდენ.აბა დააკვირდით,თუ ყველგან,საცა გინდა და არ გინდა,სულ ეგ ფრაზები არ წამოსჩხირონ,ფერად-ფერად ძონძებში გახვეულები."
"შურს ისა სწყნს და გულს უკლავს, - სხვას ჩემზე მეტ რადა აქვსო,ნატვრა - კი პატიოსნური სურვილია,მეც ის შევიძინო,რაც სხვას შეუძენია,მისდა სიკეთემდე,ღირსებამდე მივაღწიოო. შური ვერ იტანს სხვისა ღირსებას, ნატვრა - კი შეჰხარის. შური ებრძვის ღირსებას,ნატვრა - კი ეტრფის."
"სხვაზედ ნდობა - ქვიშაზედ აშენებული შენობა ყოფილა და იქნება კიდეც ამ ქვეყნიერობაში.წამოუვლის ნიაღვარი " შემთხვევისა" და იმ იმედს, იმ მინდობას აღგვის ხოლმე დედამიწის ზურგიდამ და იმედევნეულს,სხვაზედ დანდობილს,ერთს უდაბურს ტინზედ გარიყავს,შენს თავს შენვე მოუარეო. ეს კანონი - ისტორიული კანონია, იქნება ზოგიერთისთვის ფრიად არ-მოსაწონი,მაგრამ აუცილებელი კი.
გვეყო,ბატონებო,ჩვენის აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება.ჩვენის გაჭირვებისა,გულისტკივილის და წადილის პატრონნი ჩვენვე უნდა ვიყვნეთ.მძიმეა ეს უღელი,მაგრამ მით უფრო სახელოვანია მისი ერთგულად გამწევი. მძიმეა,მაგრამ უმაგისოდ ვერ შოებულა ამ ქვეყნიერებაზედ სიკეთე და ძალ-ღონე ხალხისა. სხვა გზა არ არის,ჩვენის ცხოვრების შარა-გზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ,ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ."
"ჩვენს ენას ჩვენში მოედანი არა აქვს სავარჯიშოდ.ჩვენი ეგრეთწოდებული მაღალი საზოგადოება,ნამეტნავად ქალაქში,თავის სამარცხვინოდ თაკილობს თავის დედა-ენით ლაპარაკსა. ნატქვამია,თევზი თავიდამ აყროლდებაო,სწორედ ეგრე მოგვდის ჩვენც,ჩვენს ეგრეთ-წოდებულ მაღალ საზოგადოებას თუ დავაკვირდებით. ცოცხალი ლაპარაკი,ის დარბაისლური ქართული საუბარი,ის საამური ქართულის სიტყვის მიხვრა-მოხვრა,ის სიმდიდრე ქართულის სიტყვიერებისა არარ ისმის,აღარ არის.გადაგვავიწყდა ყოველივე,რაც ენის შვენებას შეადგენს,რადგანაც ჩვენი აზრი ჩვენის ენით აღარ მოძრაობს,ჩვენი გული ჩვენის ენით აღარ თბება."
"გონების ნაწარმოები იმისთანა მადლიანი რამ არის,რომ მთელს კაცობრიობის კუთვნილებას შეადგენს და აქ გვარტომობის ჩაჩხირება ჭკუის უღონობას მოასწავებს და სხვას არა-რას. ხელოვნებასა და ერთობ გონების ნაწარმოებსა გვარტომობა არა აქვს."
"ერი,თუ საზოგადოება,მარტო იმას უნდა ეზახოდეს "ჩვენგანს",ვისაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის სიტყვით,თუ საქმით და თუ ეს ღვაწლი გაბრწყინვებულია,შუქ-შესხმულია მადლითა.."
"ერის გული ზღვაზე უფრო ღრმაა და დიდი საქმეა,ვისაც ღონე შესწევნია და თავის საკუთარი გული და თვალი იქამდინ ჩაუწვდენია."
"ყველა ასაკს თავისი შემძლეობა აქვს და ახლად ფეხადგმულს ვერ მოსთხოვთ ნაბადზე გადახტომას."
"უწარსულოდ აწმყო უფესვო ნერგია,თავ-გაუტანელი,ფეხ-მოუკიდებელი. აწმყოს,რომელსაც წარული არა აქვს,არც მომავალი აქვს,იმიტომ,რომ ერთის მეცნიერისა არ იყოს, - "აწმყო შობილი წარსულისაგან,არის მშობელი მომავალისა."
"პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს,რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით ექცეოდეს.ეგ ადამიანის პატივისცემა კი არაა,ეგ შეურაცხყოფა იქნება. ცუდია,თავის მეცნიერების შემაგინებელია,ადამიანის მოღალატეა ის ექიმი,რომელიც სნეულს უებარს წამალს არ ასმევს მარტო იმის გამო,რომ მწარეაო.არა,ჭეშმარიტი პატივისცემა ის არის,რომ პირში,გულახდილად,ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას.ისე უთხრას,რომ არ შეუგინოს,არ შეურაცხჰყოს მისი ადამიანობა,მისი კაცობრიული გრძნობა,ღირსება და პატივი,არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი ზნეობითი კანონი,რომელიც კაცს კაცად ჰქმნის და რომლის მეოხებითაც იგი თავის-თავს კაცად სხნობს და აღიარებს."
"თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვარე,მაშინ ყველაფერი ხარ,სავსე კაცი ხარ,იმიტომ რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ,რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფლეში,საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თვითოეული თავის კერძს ცხოვრებისას,და კეთილის-მომქმედიც იქნები,რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა.შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილი, - სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა".
"ყოველივე ცვლილება,საზოგადოებრივი თუ ეკონომიური,მაშინ არის მარგებელი და მკვიდრი,როცა ცვლილების საგანი ყოველმხრივ გასინჯულია და შუქმოფენილი,ამისთვის,რასაკვირველია,ყველაზედ უწინარეს კაცმა გონება უნდა მიაქციოს ადგილობრივს ვითარებას,რადგანაც ყოველს საგანს ამ შემთხვევაში თავის ადგილზევე აქვს თავისი სათავე,თავისი ძირი და თავისი გზა მსვლელობისა და განვითარებისა.მაგრამ ძალიან შესცდება ის,ვინც მარტო ამას დასჯერდება და მარტო აქედამ გამოიყვანს თავის დასკვნას.
ბევრი,ძალიან ბევრიც,იმისთანა ნასთია საზოგადოებრივს თუ ეკონომიურის წყობისა,რომელიც თუმცა არსებობს,მაგრამ მსვლელობის კვალი კი წაშლილი აქვს ჟამთა მდინარეობისგან და ამის გამო მისი ვერც თავი გაიგება,ვერც ბოლო,თუ მარტო ადგილობრივს ვითარებას შეაცერდა კაცი.ამ შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა იგივე საგანი გამოიძიოს სხვა ქვეყნებშიც,სხვა ქვეყნების ისტორიაც მოიშველიოს.იტყვიან,სხვა ქვეყნები რაში გამოგვადგებიან,ჩვენ სხვანი ვართ,ისინი სხვანიო.იტყვიან მაგრამ მთქმელნი ამაში ძალიან შესცდებიან".
"რამ გადააჩვია ჩვენი ჭკუა,გონება,გული საყოველთაო საქმეს? რამ დაგვიბა თვალი და ყური მარტო მასზედ,რასაც "ჩემობის" ფერი ადევს და არა "ჩვენობისა"? ჩვენს ისტორიას რომ შევხედოთ,მაგის მიზეზს ვერ ვიპოვით. ერთს წუთს რომ ჩვენი თვალი და ყური მარტო "ჩემობაზედ" გაჩერებულიყო და "ჩვენობა" დავიწყებას მისცემოდა,მაშინვე სულს გავაფრთხობდით და ჩვენი ერი მტვერივით აიგვებოდა დედამიწის ზურგიდამ.ჩვენი ძალ-ღონე,ჩვენი ეროვნული სიმტკიცე და დაურღვევლობა მარტო იმაში იყო,რომ ყოველს ჩვენგანს ჯერ "ჩვენ" ჰქონდა სახეში და მერე "მე". უამისოდ,აკი ვამბობთ,ჩვენი ცხოვრება ერთს წუთსავე მოისპობოდა.ეს კარგად იცოდნენ ჩვენთა წინაპართა და ამიტომაც საცა და როცა მძლავრი "ჩვენ" წამოდგებოდა ხოლმე,მაშინ ყოველი კაცი თავის საკუთარს "მეს" უკან დააყენებდა.
ამით უფროა საკვირველი,საიდამ შემოგვეპარა,საიდამ შემოგვეჩვია და როგორ დაიჭირა დღეს უგემურმა "მე"-მ იმის ადგილი,საცა ამოდენა ხანს მბრძანებლობდა მარტო "ჩვენ" ჩვენდა სადღეგრძელოდ,ჩვენდა საბედნიეროდ?რამ წაგვახდინა ესე? ეგ სენი ახალი სენია და საიდამ არის მოსული,ვისგან დანერგილია - ეგ ადვილი მისახვედომია: იმისგან,ვისაც უძლური "მე" უფრო უხდება,ვიდრე ძლიერი და ძალ-გულოვანი "ჩვენ".
ასეა თუ არა,ჩვენ კი,როგორც მემატიანე ჩვენის შინაურის ცხოვრებისა,შევნიშნავთ,რომ დღეს ყოველს ჩვენს საზოგადო საქმეს ხელს უცრის,სწყლავს,ათახსირებს,გზა-კვალს ურევს და სულს ართმევს ჩვენი გულგრილობა,ჩვენი მომაკვდინებელი მოძღვრება თვითოეულისა ცალკედ: თუ მე არ ვიქნები,ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო"..
"თუ უწურთვნელს,უზრდელს,სხვის გამაუპატიურებელს,ჩვენს შინაობაშიაც,სახლობაშიც,საცა მარტო ერთი-ორი კაცია,ვერ ვიშვნევთ და ვთაკილობთ,თუ მაგაების პატრონს ჩვენს საკუთარს პატარა ოჯახშიაც ფეხს არ შევადგმევინებთ და კარს ამოვუქოლავთ,მაშ როგორ-ღა უნდა შევიშვნიოთ,შევიწყნაროთ იგი იმ დიდს ოჯახში,საცა არამც-თუ მარტო მე და თქვენა ვართ ჩვენის ცოლ-შვილით,არამედ მთელი ერია,მთელი ქვეყანაა,იმიტომ რომ ლიტერატურას მთელს ერთანა აქვს საქმე,მთელს ქვეყანასთან.
ეს რაცა ვსთქვით იმას კი არა ჰნიშნავს,რომ აღმა მხვნელს და დაღმა მფარცხველს საქციელი უსათუოდ მოვუწონოთ,ანუ გავუჩუმდეთ,ავის მომქმედი არ გავამხილოთ,არ გავკიცხოთ.არა. ხოლო გამხელა და გაკიცხვა წუნის დადების საზღვარს არ უნდა გადასცილდეს.წუნის დადება და ლანძღვა-თრევა შორის-შორია,შუა დიდი მანძილი უდევს.განა ცუდს ცუდი,ავს ავი არ დაერქმის ადამიანის ღირსების შჶულახებლად,ადამიანის გაულანძღველად,თავლაფ-დაუსხმელად? ამ შემთხვევაში ავის მომქმედი არ უნდა გააბოროტო ლანძღვითა და თრევითა,იმიტომ რომ გაბოროტება , ვით ძლიერი თავდაუჭერელი ვნებათ-ღელვა,გულის-ყურის კარს დაუხშობს, და იმ ზნეობით ძალს,რომელსაც ნამუსს ეძახიან და რომელიც ჭეშმარიტი გამკითხავია და მწურთვნელი კაცისა,ხმას აღარ ამოაღებინებს.ავის საქციელის მდევნელი ზრდილობიანი,მართებული,გონება-გახსნილი პატიოსანი კაცი რისთვის აღიძვრის ხოლმე დევნად? იმისთვის ხომ არა,რომ ზოგიერთებისავით სიხარულით ქუდი ჭერსა ჰკრას,აცა,ჩემს მოძმეს ძლივს ცუდი ვუპოვნო და ძლივს ჩემს ლანძღვით სავსე გუდას პირს მოვუხსნიო.არამედ იმისთვის,რომ ან ავის მომქმედს ავი მოაშლევინოს,ან ავზედ სხვას აუხილოს თვალი. ორივე შემთხვევაში გულდამჯდარად,აუჩქარებლად,მართებულად,გულმტკივნეულად და გულწრფელად ნათქვამი სიტყვა,თუნდაც წუნისა,უფრო მჭრელია,უფრო შემძლებელი,ვიდრე ნიშმოგებული,გაწიწმატებული და გაბოროტებული ავყიობითა და წიწლაკიანობითა."
"საკვირველი კაცია ქართველი! ძალიან თვალების აბმა იცის,სხვის თვალებისა კი არა,მაგოდენა არ შეუძლიან,თავის საკუთარის თვალებისა. თუ მოინდომა,და თუნდაც არ მოინდომოს,ისე ხელობად დასჩემებია,რომ რაც უნდა კეთილ-სვინდისიანი საქმე იყოს,ასეთს კუდს გამოაბამს,ასეთნაირად წაშლის-წამოშლის,რომ შენი გაკეთებული საქმე შენვე ვერ იცნო,შენი ნათქვამი სიტყვა შენვე ვეღარ გაიგო.რათ უყვარს ქართველს ამისთანა სულის კლაკვნა? მრავალი რამ არის მიზეზი,ჩემო მკითხველო,სხვათა შორის ისიცა,რომ სიკეთეს ყველანი გადავჩვეულვართ,კეთილი არა გვწამს,სული და გული ამოგვშრობია. კაცმა რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შესწიროს,ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს. რატომ? იმიტომ,რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას თავის თავსა დააყენებდა და იტყოდა: მე უანგაროდ იმას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი "არა" იქნებოდა,რასაკვირველია.."მაშ არც ის იქმოდა", - დაასკვნის გონიერი ქართველი; და გამოვიდა,რომ პატიოსანი თავგანწირული კაცი გაუპატიურებული იქნებოდა ქართველის თვალში. რისთვის? მარტო იმისთვის,რომ თითონ ქართველი იმის ადგილას პატიოსნებისათვის თავს არ გაიწირავდა,თუ რომ სხვა დაბალი განზრახვა გულში არა ჰქონდეს."
"უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა,ხომ ჭირზე უფრო ჭირია. ჭკვიანი უცოდინარი ყოველთვის თავის ქერქშია, - რაც არ იცის,იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება.რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება,აქ იგი მეტიჩრობას არა ჰკადრულობს ,დუმილს უფრო ჰრჩეობს,სხვას უსმენს,სმენილს თავისის ჭკუის და გონების თვალწინ განკითხვით გაიტარებს,ასწონს-დასწონის და ამნაირად თავისს საკუთარ აზრს,ცოდნას გამოინასკვავს,შეითვისებს. ამ ყოფით,თუ სხვა გზით,იგი ჯერ საგანს ისწავლის,გაითვალისწინებს ,და, მერე,თუ საჭიროება მოითხოვს,დაიწყებს სჯასა და საუბარსა.
ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია,თავისი-თავი სხვაზე მეტი არა ჰგონია,არა ჰბაქიობს,არ იკვეხის,თითონს ზიზილ-პიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარში არ ახვევს,მან თავისი ყადრი და ადგილი იცის და სხვასაც,ერთნაირად მორიდებულია ყოყოჩობას,ზვიადობას და ნამეტნავად მეტიჩარობას,არამკითხე მოამბეობას.რაც იცის,იმას სჯერდება,მეტზე ხელს არ იწვდებს,მეტს სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს,ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელს თვალის ახვევას ჰთაკილობს და როგორც სამარცხვინო ოინებს ახლოც არ ეკარება.
სულ სხვაა უჭკუო უმეცარი,მერე თუ ყბედობის საღერღელიც აქვს აშლილი.უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება ქვეყნიერობაზე, და რამოდენაც ამისთანა ვაჟბატონი ჭკუაზე თხლად არის,რამოდენადაც უფრო სქელი ლიბრი აქვს გონების თვალზე გადაკრული,მით უფრო თამამია,მით უფრო კადნიერია.მითამ რა დაუშლის! არ არის ქვეყანაზე საგანი,რომ უჭკუო უმეცარმა არ დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და უთავბოლო საღეჭავად არ გახადოს მსმენელთა სააბეზაროდ. რაც ენაზედ მოადგება.ჰროშავს გამარჯვებულისვით დოინჯშემოყრილი და თავმოწონებული,მოგაყრით ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებს,რომელიც არც თითონ ესმის და არც მსმენელს გაეგება და ჰყოყოჩობს,აი რაები მცოდნია და რა ბრძენი კაცი ვარო! ბალღებს,რასაკვირველია,გაბერილი,გაუგებარი ფრაზები სავსე ჰგონიათ,როგორც გაბერილი ტიკი,და უკვირთ როგორც ერთი რამ უტყუარი ნიშანი აუარებელის სიბრძნისა და მეცნიერობისა,ჭკუადამჯდარს კაცს-კი ეს სამასხარო ოინები სასაცილოდაც არა ჰყოფნის."
"კაცმა რომ კაცს უთხრას,შენ საქმე არ იციო,არა მგონია ეს უზრდელობაში ჩამოართვას ვინმემ. ესეც კი უნდა ითქვას სხვათა შორის,რომ მართლმსაჯულობას გახურებულს რკინის თვისება აქვს. იგი სწვავს,როცა სუსტს მხარეს შეეხება ხოლმე და მაგ თვისებას ვერავინ ვერ ჩამოართმევს მართლმსაჯულობასა ზრდილობის სახელითა.ყველას ემწვავება ხოლმე,როცა ვარაყით მოოქროვებულს კაკალს დაჰხარის,შიგ კაი გული დევსო,და თქვენ-კი გაუტეხთ და შიგ გულის მაგიერ ჭიის საბუდარს დაანახვებთ."
"ჩვენ საწყალ ქართველებს ერთი სხვა საძაგელი სენიც გვიჭირს - ყიზილბაშობა. გულის შემაზრზენი,კაცის ღირსების დამმდაბლებელი პირფერობა,ურცხვი ტყუილი ქება,საძაგელი კლაკვნა და პირიდამ თაფლის დენა,რომელსაც ქართველი "ზრდილობას" ეძახის, - ესენი ერთად შტოები არიან დამპალ ყიზილბაშობისა. ისე უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი,რომ თუ არ აქე,თუ არ მიეფერე,პირიდამ თაფლი თუ არ იდინე,სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია.მაგრამ ამისთანა ცდომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს,როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია,რასაც იტყვის ესა და ეს ბრმა ამა და ამ საგანზედ; ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია - ცუდად, რაც კარგია - კარგად. პირფერობა და ურცხვი,უალაგო ქება გლახის და მათხოვარის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა."

No comments:
Post a Comment