Sunday, June 26, 2011

ფეხბურთი - მარადიული დღესასწაული

1981 წლის 13 მაისიდან დღემდე იგივეს განმეორების სურვილით ვიწვით ქართული ფეხბურთის ჭირისუფლები..არადა რა ძნელია ამ ყველაფერთან შეგუება იმის ფონზე, როდესაც ერთ დროს შენს ქვეყანას ჰყავდა გუნდი,რომელთაც 30-იან წლებში “დიდ ურუგვაელებს” ადარებდნენ.
მაშინ,ჩვენი ქვეყნის რიგებიდან ბრწყინავდნენ : შოთა შავგულიძე,ალექსანდრე დოროხოვი,არჩილ კიკნაძე,ბორის პაიჭაძე,გაიოზ ჯეჯელავა..
წლები გადის.ფეხბურთი უფრო ბიზნესს ემსგავსება ვიდრე სპორტს.ნელ-ნელა ქრებიან ჯენტლმენი ფეხბურთელები. იშვიათად ან აღარც მეორდებიან ყიფიანები და პაიჭაძეები.მათნაირი კორექტულობა და მაღალი სპორტული კულტურა.ფეხბურთი ზოგისთვის ოჯახის რჩენის საშუალებად იქცა.არადა,როგორი გენიალური სიტყვები დაგვიტოვა ვიტალი დარასელიამ: “ფეხბურთი იმით არის კარგი,რომ სიამოვნებას ღებულობ არა მარტო თამაშისგან,არამედ იმისგან,რომ ამ სიამოვნებას ანიჭებ მაყურებელს და თუ ამის ძალა არ შეგწევს-თამაშს თავი უნდა დაანებო". ეს შეგონება ჯეროვნად რომ იქნეს გათვალისწინებული ქართველი ფეხბურთელების მიერ,დამერწმუნეთ, საქართველოში ფეხბურთის მოთამაშეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირედბოდა.  
იყო დრო,როდესაც სსრკ-ს და არა მხოლოდ მათი სპორტული ჟურნალ-გაზეთები აჭრელებული იყო ჩვენი ფეხბურთელების ქებით.წერდნენ ვიტალი დარასელიაზე,თუ როგორ ხშირად ანიჭებდა ფეხბურთის მოყვარულთ ესთეტიკურ სიამოვენბას,როგორ ერკვეოდა ურთულეს სიტუაციებში და არც მისი საიერიშო კომბინაციების უბადლო წამოწყება ავიწყდებოდათ. წერდნენ ბორის პაიჭაძეზე: ”არ ყოფილა საბჭოთა კავშირში ისეთი თავდამსხმელი,როგორიც ბორისია.მასში თანაბრადაა შერწყმული მოედნის გასაოცარი ხედვა,პარტნიორის არჩევის მშვენიერი შეგრძნება,სისწრაფე და ბრწყინვალე დრიბლინგი."დღეს კი,ცოტას თუ ახსოვს მისი ზედმეტსახელი “მოხეტიალე თავდამსხმელი” რითაც იგი მსოფლიომ გაიცნო. და,რაც უფრო სასირცხვილოა,ზოგმა დღემდე არ იცის მისი სათამაშო პოზიცია. წერდნენ რამაზ შენგელიაზე,რომელიც უკვე 17 წლის ასაკში ტორპედოს წამყვანი მოთამაშე იყო,ხოლო 20 წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შეიყვანეს.21 წლის რამაზი საბჭოთა კავშირის ნომერ 1 მოთამაშედ აღიარეს.მასზე ამბობდნენ: “21 წლის შენგელია ისევე ოსტატურად თამაშობს,როგორც თავის დროზე ბორის პაიჭაძე თამაშობდა,რომელიც ახლა მას ბაბუად ეკუთვნის”.რამაზს ეკუთვნის დღემდე განუმეორებლი რეკორდები.ერთ-ერთი გახლავთ მისი გოლების რაოდენობა ,რომელიც 21 წლისათვის 70-ს ითვლიდა. წერდნენ იმაზეც,რომ ძნელად თუ მოიძებნებოდა ისეთი ფეხბურთელი,ვისაც თავისი გუნდისთვის იმდენი ამაგი დაედოს,რამდენიც ავთანდილ ღოღობერიძეს.ცოტას თუ ემახსოვრება საფეხბურთო მინდვრების ამოუცნობი საიდუმლოება და ქართველი კაცის ლაზათიანობის ლამაზი ლეგენდა- გაიოზ ჯეჯელავა. არ შეიძლება ორიოდ სიტყვა არ ითქვას დავით ყიფიანზეც. თბილისელი თავდამსხმელის ინტელექტითა და ელეგანტურობით აღბეჭდილი თამაშის სტილი, ბურთის ფლობის მაღალი დონე და რთული ტაქტიკური აზროვნება დაუვიწყარ გავლენას ახდენდა ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებელზე. შორს წაგვიყვანს ჩვენს საამაყო მოთამაშეებზე საუბარი.სათქმელი მართლაც რომ ბევრია.რად ღირს ალექსანდრე ჩივაძის,მიხეილ მესხის,დავით მუჯირის,ვლადიმერ გუცაევის,მანუჩარ მაჩაიძის,სერგო კოტრიკაძის,ოთარ გაბელიას და მრავალი სხვა მოთამაშის გენიალური კარიერის გახსენება. იყო დრო,როდესაც სტადიონზე გაკრული აბრები გვაუწყებდა: “ყველა ბილეთი გაყიდულია”. იყო სიხარული,იყო საფეხბურთო განწყობა.დღეს კი ტელევიზორშიც კი იშვიათად თუ შეავლებს თვალს უკმაყოფილო გულშემატკივარი,ისიც შემდეგი ფრაზით: “რა აზრი აქვს?მაინც წავაგებთ!” ოპტიმიზმი ჩავმარხეთ ღრმად და ახლა მხოლოდ ევროპულ გრანდებს ვქომაგობთ,რომელთაც ისედაც არ აკლიათ უჩვენოდაც ქომაგობა.
დღეს ქართული ფეხბურთი მკვდარია.იმედის თვალით შევყურებთ რამდენიმე ახალგაზრა ფეხბურთელს,რომელთაც უკვე უჭირავთ ხელში ბილეთი შორეული ევროპისაკენ. პრობლემა ძალზედ დიდია,ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს.მანამდე კი იმედის ბოლოს გარდაცვალების ჯიუტად დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ მოვა დრო, როდესაც ქართველი გულშემტკივარი გაითავისებს მოედანზე მე-12 ფეხბურთელის პოზიციას.
ერთ დღესაც იქნებ ვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში გადარჩენილი მსოფილოს საუკეთესო სპორტი - ფეხბურთი,როგორც მარადიული დღესასწაული.
29.11.2009




No comments: