დააჩქარეთ განცდების ფურცელზე გადმოტანა,ოღონდ,ნუ დაწერთ უმიზეზოდ.
ახლა ცა გაიხსნება და მე და ტერენტი დიდხანს ვისაუბრებთ.მას გაუხარდება,როცა დამინახავს..გაუხარდება,რომ 72 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან,ჩვენ კვლავ ვკითხულობთ მის შემოქმედებას და გვახსოვს.ვერ შეგპირდები,პოეტო,რომ ყველა გრძნობს შენს პოეზიას,იქნებ,ვერც მე?ახლა გაგესაუბრები და თავად განსაჯე.
მოდი უფრო ახლოს.მინდა შენს ხელებს შევხედო .იცი,მე მიყვარს ისინი.მე ყველა პოეტის ხელები მიყვარს.მეც ხშირად მიფიქრია შენსავით,მაგრამ მე არ ვარ ისეთი ძლიერი,რომ ეს ფიქრი შენსავით ლამაზად დაწყობილი სიტყვებით გადმოვცე.
ახლა მე სამეგრელოში ვარ,შენს მხარეში.იქნებ სწორედ ამიტომაც გაგითავისე ყველაზე უკეთ ამ გარემოში.
შენც მითხარი რამე, სულ მე რომ ვსაუბრობ.აქ რომ ჩამოვედი შენი გვარის ხალხი ვიკითხე.მითხრეს არ ცხოვრობენო აქ, კვირკველიები.
ტერენტი,შენ ძალიან გიყვარდა ლურჯი ფერი.მეც მიყვარს.მეც მაქვს მიზეზი ამ ფერის სიყვარულის.მიზეზს მერე გეტყვი,სხვა დროს.
არ გინდა როიალზე დავუკრათ?იცი,მე დაკვრა ჩემით ვისწავლე,როდესაც 3 წლის ვიყავი.ჩემს დაიკოს ვაკვირდებოდი როგორ უკრავდა,მერე კი, როდესაც მარტო ვრჩებოდით მე კლავიშების შავ-თეთრი წყობა,ერთმანეთს ვესაუბრებოდით.კარგად ვერ ვუკრავ,მაგრამ ეგ არაფერი.
რაღაც მინდა გითხრა,ვიცი, შენ ყველაზე უკეთ გამიგებ.ამ ბოლო დროს ძალზედ შემომეჩვია ფიქრი,ზოგჯერ სუნთქვასაც კი მიშლის მისი გათავისება.აღარ არა,ვეღარ შემიძლია ასე.სულ გადავეჩვიე ძილს,აღარ მემეტება დასაძინებლად არც დრო ,არც -თვალები.ახლაც ისე რეალურად გგრძნობ,რომ მეშინია ჩემიც და შენიც.ადამიანებიც მაშინებენ.ხალხი ჩემს გარშემო იმდენად ჭრელია,რომ ზოგჯერ ფერებსაც ვეღარ ვარჩევ.
ტერენტი,რა ადვილი ყოფილა შენთან საუბარი.თუ არ შეგაწუხებ,ზოგჯერ გაგესაუბრები ხოლმე.მე მჭირდება შენნაირი ადამიანები.მეც ხომ შენსავით ვნატრობ ვიღაც არათანაბარს.
იცი,მე არასდროს დამეკარგება პოეზიის განცდის უნარი.ვიცი ყოველთვის დამამწუხრებს,გამახარებს,ცრემლს მომადენს,გამაგიჟებს პოეზია.გპირდები ამ განცდას მოვუფრთხილდები.ზოგჯერ წარმოვიდგენ ხოლმე,რომ ვარ პოეზიამისჯილი პატიმარი,რომელიც წიგნის ჩარჩოებშია გამომწყვდეული,გათავისუფლების თარიღი უკანა ფურცლებზე ისე გაცრეცით მიუწერია ვიღაცას,რომ ვერ გამირჩევია და ვარ ასე- ორ ყდას შორის გამოკეტილი.
მე მუსიკაც მიყვარს,პოეტო.ის მაძლევს საშუალებას,რომ სხვა სამყაროს მივუკაკუნო კარზე და დარწმუნებული ვიყო,რომ აუცილბელად თბილად შემიპატიჟებენ.
როგორი სიტყვაძუნწი ყოფილხარ?!რამდენი ვისაუბრე,შენ კი ჯერაც არ ამოგიღია ხმა.
არ მინდა თავი მოგაბეზრო.შენ ისედაც დიდად დამეხმარე დღეს.სანამ წახვიდოდე მომეცი უფლება გითხრა,რომ მიხარია ჩემი ერთადერთობა.რატომ?იმიტომ,რომ განა ბევრი მოიძებნება ახლა,ვინც საქართველოს ულამაზეს კუთხეში,პატარა,ლამაზ სოფელში,მოკალათებული ზის საოცრად მდიდარ სიმწვანეში და გესაუბრება შენ?პასუხი ისედაც ნათელია…