Saturday, January 30, 2010

ხო!




ამოვაძრე საათს გული-ელემენტი,
დავატეხე სათითაოდ ხელ-ისები,
მივადექი თვალებ-ციფრებს ანთებული,
სულ დავთხარე თორმეტივე მიყოლებით.

არ ვაკმარე,სახლ-კედლიდან ჩამოვხსენი,
შეეშინდა,მაგრამ ვეღარ გამოხატა-
აღარ ჰქონდა არც გული და არც თვალები,
(საიდანღაც ცრემლი მაინც ჩამოგორდა)

გადავხედე ჩემს საქციელს დანანებით
მიღიმოდა ისე ურცხვად, გამაწითლა,
დრო-საათო,მაპატიე საქციელი,
ვერ გაიგო,კიდევ უფრო გადაცივდა.

სინანულით მივატოვე მომაკვდავი,
დრო მოვკალი-თითქოს უნდა მიხაროდეს,
მაგრამ,მაინც დანანებას ვერ ველევი
ვერ შევუვსე დანაკლისი, სიმარტოვეს.

ყველას გიხმობთ, დამატეხეთ ხელ-მკვლელები!

1 comment:

Anonymous said...

ჩემო მაგიდის საათო
ეტყობა შენცა ჰბერდები
თუ წამოგაწვენ მუშაობ
თუ აგაყენებ ჩერდები

მეც ხომ სიბერემ დამაბა
ვიწევ და ვერა ვზეზდები
ჯდომისგან საჯდომი მტკივა,
გვერდზე წოლისგან გვერდები

აღარც ცოცხლებში ვწერივარ,
აღარც სიკვდილსა ვნებდები

ბედით მჯობიხარ ძმობილო
გეტყვი ნუ გაგიკვირდება
არც წყალი გინდა არც პური
არც გწყურის არცა გშივდება

არც ლხინი იცი არც ჭირი
არც გცხელა არცა გცივდება

არც ვისგან რამეს მოელი
არც არაფერი გჭირდება

არც დაღლა იცი არც შრომა
და არც წიკწიკი გწყინდება
რომ ჩამოწვება სიბნელე,
სუყველა გაირინდება

დამატკბობს შენი ხმაური
ღამით რომ გამეღვიძება

ტრიალებს წუთისოფელი
დღეები დღეებს მიჰყვება
ჩვენი მზე ჩაესვენება
სხვებისა ამობრწყინდება

(c) ლუკა მთიბელაშვილი