Monday, June 4, 2012

ფერმოსული

საოცარია,ამდენი ხანია აქ ვარ და მხოლოდ ახლა შევნიშნე,რომ ბაღში საქანელაც ჰკიდია.კარი გავაღე და მისკენ მონატრებული მეგობარივით ბედნიერი სახით გავემართე.დავჯექი და დიდხანს ვიქანავეთ.თავი უკან გადავაგდე და ცას ხან ვშორდებოდი და ხან ვურიგდებოდი.თმა ბალახს ეხახუნებოდა,სუნს ისრუტავდა.მერე სიყვარულისგან თავბრუ დამეხვა და გავჩერდი.გული სწრაფად მიცემდა.თავი დავხარე და ჩემ ნასკებამოცმულ ფეხებს გავუშტერე თვალი.ზედ ჭიანჭველები ამცოცებოდნენ.დარბოდნენ ზემოთ და ქვემოთ,ზემოთ და ქვემოთ. ლამაზი კადრია მეთქი,გავიფიქრე.ახლა მივხვდი რატომაა ფილმებში ყველაფერი მშვენიერი - იქ სივრცეა.ძნელი გასაგებია,ალბათ,მაგრამ,მე ზუსტად ვიცირასაც ვგულისხმობ და მიხარია,რომ გავიგე.
მაინც,როდის მომშორდება იმის განცდა,რომ ვიღაც მითვალთვალებს?! ახლაც უნებურად უკან გამეხედა.ჯიუტად მგონია,რომ იმ ფანჯრიდან ვიღაც მიყურებს.ვცდილობ წარმოვიდგინო რას ფიქრობს ჩემზე.იქნებ დამცინის ამხელა გოგოს ამ პატარა საქანელაზე შემოსკუპებულს რომ ხედავს.მან ხომ არ იცის ჩემ წონას ყველაფერი რომ უძლებს.ან,იქნებ ფიქრობს,რომ აქამდე არასდროს ვუნახივარ და აინტერესებს ვინ ვარ.იქნებ იმ ფანჯრის იქით არავინაა? ჩემი მეორე მე ამგვარი ფიქრებისას სულ თავის გამოსუფთავებით მემუქრება.რით ვეღარ ამიხდინა დანაპირები?იქნებ მერე მეც დავისვენო,ეჭვები კუთხეში მივამწყვდიო.
ადამიანი (ან მე) ხმებს მარტივად ვაჩვევთ ყურს.თავიდან თითქოს გვაწუხებს,აი,როოგრც ადრე,რუსთავში,მემაწვნე ქალის ყვირილი რომ მაღვიძებდა დილით.აქაც შევეჩვიე ძროხების ყელზე დაკიდებულ დიდ ჟღარუნა ზარებს,რომლებიც დილიდან დაღამებამდე ხმაურობენ,სანამ პატრონები საძოვრებს არ მოაშორებენ ოთხფეხა მეგობრებს.ალბათ მერე დამაკლდება კიდეც მათ ხმა.
რამდენი ხანია არ დამიწერია.რატომ? ალბათ იმიტომ,რომ მომენტს ველოდები,რომელიც აქამდე არ მოვიდა.ახლა მივხვდი,რომ მომენტი თავად უნდა შევქმნა. "იყოს,მერე დავწერ,ბევრი რომ დამიგროვდება სათქმელი" ვამბობდი.ახლა კი იმდენი დამიგროვდა,რომ აღარც ვიცი რითი დავიწყო,ამიტომ უბრალოდ გავჩერდები,ყავას გავიკეთებ და გავაგრძელებ მუსიკის მოსმენას.ბეთჰოვენის ნაწარმოებზე ბაღში ქარისგან დარხეული გვირილებისთვის თვალმოუშორებლად გიყურებიათ?მე,კი. : )

პ.ს. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე მქონდა.არამგონია ამაზე მეტჯერ გავამახვილო ყურადღება,ამიტომ,აქვე მივაჯრაბნი.ადამიანისგან საჩუქრად ერთი წიგნი და ბუნებისგან ლამაზი ამინდი მერგო.



Tuesday, February 28, 2012

ბავშვობაში გვეგონა რომ..

***
მეგონა, რომ მანქანით რომ მივდიოდით მთვარე თან დაგვყვებოდა.
მეგონა,რომ ბამბის ნაყინი ღრუბელს მოგლიჯეს.
მეგონა,რომ წვიმა მარტო შემოდგომაზე მოდიოდა.

***
მეგონა რომ წვიმა ჰაერს წმენდდა. და ამიტომაც იყო ახალნაწვიმარზე ჰაერის სუნთქვა სასიამოვნო.
ახლაც მასე მგონია.

***
მეგონა,რომ ტელევიზორიდან მხედავდნენ და მიკვირდა ადამიანები როგორ ეტეოდნენ ტელევიზორში.

Sunday, February 26, 2012

გერმანული წინადადებები.(ნაწ.1)

 გადავწყვიტე რომ გერმანული ენის შესწვალის მსურველთ პაწია დახმარება გავუწიო ჩემი ბლოგის მეშვეობით. გეგმის სახით : ვაპირებ,რომ დავწერო ასე თუ ისე მარტივი ფრაზები ინგლისური განმარტებებით (ინგლისური შედარებით ბევრმა იცის) რაც უფრო იოლს გახდის ფრაზის აზრის გაგებას. ამით არა მხოლოდ თქვენ დაგეხმარებით,არამედ საკუთარ თავსაც.ჰოდა,მოდით შევუდგეთ სწავლას.არ იზარმაცოთ ხოლმე.
 ფრაზების სიმრავლის გამო პოსტებს დავყოფ ნაწილებად და თითოეულ ნაწილში შემოგთავაზებთ 100-120 ფრაზას.

1.Er tut mir leid.
I feel sorry for him.

2.Darf ich hereinkommen?
May I come in?


3.Wovor haben Sie Angst?
What are you afraid of?

4.Komm bald zurück!
Come back soon!

5.Das geschieht dir recht.
That serves you right.

Sunday, February 5, 2012

თვალის დღესასწაული,ყურის ორგაზმი.

ადამიანებს გვიყვარს რაღაცების ამოჩემება.ჰომ გიყვართ? ამ ამოჩემებული რაღაცებიდან ზოგი გზადაგზა გვეკარგება,ვივიწყებთ,შეიძლება წლების მერე მივუბრუნდეთ,ან -აღარასდროს. თუმცა არსებობს რაღაცები,რაც უცვლელია,რაც მუდმივად გჭირდება,რის გარეშეც თავს ცუდად გრძნობ,სადღაც გულის კიდევ უკან.მუცელში კი შიმშილის განცდა გეუფლება.მერე იწყებ ფიქრს რა გაკლია,რა გინდა და გახსენდება რაც გშია,რაც გწყურია,რაც გინდა,რომ ჩაისუნთქო.
მუსიკა დიდი ძალაა მეთქი,წამომოცდა ერთხელ ერთ-ერთი კომპოზიციის მოსმენისას და ამის გააზრებით გამოწვეული სახის მიმიკა დღემდე მომყვება როდესაც ამ კომპოზიციას ვრთავ და თან პარალელურად კლიპს ვუყურებ.
მეძუძური დედის კოდი ჩემში რომ იდოს ალბათ ასე წარმოვიდგენდი ამ კომპოზიციის თქვენთვის გაზიარებას : ჩათვალეთ რომ 3 დღის ჩვილს გაბარებთ,თან მაშინ,როცა მკერდში რძე არ გაქვთ.
სასიამოვნო ყურებას გისურვებთ.
სამწუხაროდ,ამ ვიდეოს ჩვეენბა იუთუბზე აღარაა შესაძლებელი.თუმცა პოსტი დარჩება,ჩემი წარმოდგენებიდან არაფერი არ წაშლილა.ვიზიარებ,რომ ვეღარ ნახავთ.

Friday, October 28, 2011

***

ალბათ ბევრი თქვენთაგანი დაკვირვებია,რომ ზოგჯერ სრულიად მარტივი და უაზრო ქმედება გვახალისებს,დროის გაყვანაში გვეხმარება ან უბრალოდ სხვანაირად გვაიძულებს მოვლენების დანახვას.რაც აქ ვარ თითქმის ტრადიციად მექცა ხეტიალი.არ აქვს აზრი სად.ძირითადად მატარებელში ჩაჯდომის მერე ვწყვეტ ხოლმე სად წავიდე.მოსაფიქრებლად ბევრი დრო მაქვს,რა დალევს სადგურებს - იჯექი და იფიქრე. გუშინაც ტრადიციული სქემით ვიმოქმედე.
მშვიდი საღამო იყო,თითქმის არ ციოდა. არჩევანი სადგურ Universitaet-ზე შევაჩერე. აქ ყოველთვის კლასიკური მუსიკა ისმის,რაც საოცრად მშვიდ გარემოს ქმნის მეტროში.ჩამოვჯქი სკამზე.ვუყურებდი როგორ გადიოდა დრო ტაბულაზე ანთებული რიცხვებით,ვუყურებდი როგორ იცვლებოდა ვაგონებში ხალხი,საკუთარი ნაყიდი ადგილივით მარდად დაკავებულ ადგილებს,როგორ უთმობდნენ სხვებს,რომლებიც ზუსტად ანალოგიურად ისაკუთრებდნენ მათ და ასევე უთმობდნენ სხვებს..რატომღაც მატარებლიდან გამოსული ხალხი,ჭიანჭველის ბუდიდან გამოვარდნილ ჭიანჭველებს მაგონებს.აქ ნებისმიერს,უსაქმურსა თუ საქმიანს დასაქმებულის სახე აქვს,გეგონება ყველას სადღაც ეჩქარება,რომ ცოტაც და დააგვიანებენ,ამიტომ თამამად ეჯახებიან სიჩქარის დროს სხვებს,თამამად ძვრებიან ბრბოში.თითქოს მეტრო ერთი დიდი საპყრობილეა და იქ მყოფ ყველა ადამიანს ერთი სურვილით ანთებს : როგორმე სწრაფად გააღწიონ აქედან,დაინახონ ზემოთ,მზის შუქი და ჩაისუნთქონ სუფთა ჰაერი.
არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიჯექი. უკანალის ტკივილმა რომ შემაწუხა,სადგურის შეცვლა გადავწყვიტე.ერთი სადგურის გავლის შემდეგ,ისევ ჩამოვედი და სკამზე მოვთავსდი.სიტუაცია აქაც უცვლელი იყო.ყველაზე მეტად რაც მხიბლავს მსგავს მომენტებში არის ის,რომ აქ ყველანაირ ადამიანს შხვდები.უყურებ,აკვირდები და ფიქრობ,როგორი მრვალაფეროვანი,მრავალმხრივია კაცობრიობა. და...და მერე უცებ გრძნობ,სადღაც,შიგნით და თითქო გიხარია კიდეც - შენც ამ ქაოსის მონაწილე ხარ,შნც ერთ-ერთი კენჭი ხარ ამ გროვაში,შენ ავსებ სხვებს,სხვები გავსებენ შენ..და,ეს ყველაფერი ,უხილავი,ბევრისთვის შეუმჩნეველი პროცესია მიზეზი იმისა,რომ ვარსებობთ.
კიდევ რამდენჯერმე გამოიცვალე სადგური.შიმშილმა და თავის ტკივილმა ერთად რომ აიდგეს ენა,სახლისკენ გავეშურე.
დიახ,აი,ასეთი ბანალური დასასრულით.. 

Friday, September 16, 2011

ფეისბუქი - აზრების საცავი.

სოციალური ქსელების სიცუდეზე ბევრი საუბრობს,მაგრამ,მაინც აქტიურად იყენებენ მას. მე ამ ბოლოს დროს ყველაფერში კარგის დანახვა და გამოჩიჩქვნა ვისწავლე,ამიტომ არ გამჭირვებია ერთ-ერთი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" კარგი თვისების შემჩნევა. კერძოს,ის ინახავს ჩემს აზრებს,საკმაოდ დიდი ხნით,ვიდრე ტვინი და უფრო საიმედოდაც. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ე.წ. არქივატორი,ანუ საიტი,რომელიც გვიჩვენებს ჩვენს მოღვაწეობას დარეგისტრირების დღიდან აი,ისიც.  მეც ჩავეშვი ცხვირით ამ დიადი ქექვის საქმეში და ხან გამეცინა,ხან - ამეტირა. ამ პოსტში მინდა დავწერო რამდენიმე სახალისო,თუ უბრალოდ ჩემთვის საინტერესო და გარკვეული აზრის მატარებელი სტატუსი.მინდა,რომ ისინი არა მხოლოდ ფბ-მ,არამედ,ჩემმა ბლოგმაც შემოინახოს.
მანამდე კი ჩემი ფბ-ზე არსებობის მოკლე ექსკურსი:

Wall messages : 2010 წლის 14 იანვრიდან ჩემი კედელი იტევს 204 შეტყობინებას.
Statuses : 2010 წლის 4 თებერვლიდან დღემდე დავჯღაპნე 426 სტატუსი.
Posts : 2010 წლის 24 დეკემბრიდან დღმდე მაქვს 765 პოსტი.
Links : 2010 წლის 20 იანვრიდან დღემდე დამიგროვდა  631 ლინკი.
Photos : 2010 წლის 30 აპრილიდან დღემდე მოვინიშნე 33 ფოტოზე.
Videos : 2010 წლის 31 დეკემბრიდან დღემდე მოვინიშნე 12 ვიდეოზე.
Notes : 2011 წლის 13 ივნისიდან დღმედე მაქვს 3 ჩანაწერი.
Likes : 2010 წლის 16 თებერვლიდან დღემდე მაქვს 139 მოწონება.
Events : 0
Checkins : 0


ახლა კი უშუალოდ სტატუსები:

Thursday, August 4, 2011

ნაწყვეტი გურამ ფანჯიკიძის რომანიდან "თვალი პატიოსანი"

პირველი მოთხრობა.

   გრიგოლი და დავითი ერთმანეთს არ იცნობდნენ.გრიგოლისათვის რომ გეჩვენებინათ დავითი,გეტყოდათ,ამ კაცს არ ვიცნობ და არც არასოდეს მინახავსო. დავითისათვის რომ გეჩვენებინათ გრიგოლი ისიც ზუსტად ასე იტყოდა,ამ კაცს არ ვიცნობ და არც არასდროს მინახავსო. გრიგოლიც და დავითიც თბილისში ცხოვრობდნენ - ერთი საბურთალოზე, მეორე - ნავთლუღში. ერთი მასწავლებელი იყო, მეორე - ინჟინერი. ცხოვრობდნენ თავისთვის. გრიგოლმა არ იცოდა,რომ ამ ქვეყანაზე არსებობდა დავითი. თავის მხრივ, დავითმაც არ იცოდა, რომ ამ ქვეყანაზე არსებობდა გრიგოლი. დავითი ორმოცდასამი წლისა იყო, გრიგოლი - ორი წლით უფროსი. გრიგოლმა არც კი იცოდა,რომ თავისი ცხოვრების მანძილზე შვიდჯერ შეხვდა დავითს და ელაპარაკა კიდეც. არც დავითმა იცოდა,რომ ისიც ზუსტად ამდენჯერვე შეხვდა გრიგოლს და ელაპარაკა კიდეც. 
   პირველად ისინი ტროლეიბუსში შეხვდნენ ერთმანეთს,გრიგოლი წინ იდგა და გაზეთს კითხულობდა.
       -შეიძლება,გადააწოდოთ ბილეთის ფული? - უთხრა მას ვიღაც ჭაბუკმა.
გრიგოლი მაშინ ოცდაათი წლისა იყო, დავითი - ორი წლით უმცროსი.
      -რამდენი? - ჰკითხა გრიგოლმა და ფული გამოართვა.
      -ერთი.
   გრიგოლმა თავის მხრივ ფული ვიღაც წვეროსან კაცს გადააწოდა,თან გაზეთისთვის თვალი არ მოუცილებია. მალე წვეროსანმა გრიგოლს ბილეთი და ხურდა მიაწოდა, გრიგოლმა ხელი შემოსასვლელისკენ გაიშვირა.დავითმა ბილეთი და ხურდა გამოართვა.
   სამი გაჩერების შემდეგ ორივენი ჩამოვიდნენ. გრიგოლი მარჯვნივ წავიდა, დავითი - მარცხნივ.
   მეორედ სამი წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. დავითი ოპერის წინ იდგა და აფიშებს ათვალიერებდა. უცებ მასთან გრიგოლი მივიდა და ჰკითხა, რომელი საათიაო.
   დავითმა საათს დახედა.
        -ორს უკლია ჩვიდმეტი წუთი! - თქვა ისე ,რომ გრიგოლისთვის არც შეუხედავს.
   ამის შემდეგ გავიდა ხუთი წელიწადი.გრიგოლი აღარ შეხვედრია დავითს. რაღა თქმა უნდა, არც და დავითი შეხვედრია გრიგოლს, თუ არ ჩავთვლით ერთ შემთხვევას, როცა გრიგოლი თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "ტორპედოს" მატჩზე ჩრდილოეთის ტრიბუნაზე იჯდა მეორე იარუსის მესამე რიგში. დავითიც იმავე ტრიბუნაზე იჯდა სამი რიგით უკან და თექვსმეტი ადგილით მარცხნივ. მაშინ გრიგოლი არ გამოლაპარაკებია დავითს, არც დავითი გამოლაპარაკებია გრიგოლს, რადგან ერთმანეთს არ იცნობდნენ და ვერც ხედავდნენ.
   და აი ხუთი წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად ავტობუსში.
        -შემდეგ გაჩერებაზე ჩახვალთ? - ჰკითხა გრიგოლმა.
        -არა! - უპასუხა დავითმა.
        -იქნებ როგორმე გამატაროთ? 
        -თუ შევძელი,კი,ბატონო.
        -აბა, როგორმე ადგილები გავცვალოთ.
   დიდი წვალების შემდეგ გრიგოლმა და დავითმა ადგილები გაცვალეს.გრიგოლს არ შეუხედავს დავითისთვის, რადგან დავითი ზურგით იდგა. არც დავითს შეუხედავს გრიგოლისთვის, ისე იყო გაჭედილი, შემობრუნებაც კი ვერ მოახერხა.
   თერთმეტი თვის შემდეგ, მაისის ერთ მშვენიერ დღეს, ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველად - დილის თერთმეტ საათზე, სპორტულ მაღაზიაში, გრიგოლი ანკესებს ყიდულობდა და ბამბუკის ჯოხს ამოწმებდა.
        -შეიძლება?- ჰკითხა დავითმა და ბამბუკზე ანიშნა.
   გრიგოლმა ბამბუკი მიაწოდა და წავიდა.
   მეორედ სულ სამი საათის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს,გმირთა მოედანზე, ზოოპარკის წინ. გრიგოლი სიროფიან წყალს სვამდა,დავითი ტროლეიბუსს ელოდებოდა. ამ დროს ვიღაც მსუქანმა, თავგადახოტრილმა გიჟმა ჩამოიარა და ერთ დარბაისელ, ჭაღარა ქალს გავაზე უბწკინა. ქალმა შეჰკივლა. გიჟმა გადაიხარხარა და გაიქცა.
    გრიგოლს გაეღიმა და დავითს შეხედა. დავითმაც გაიღიმა და გრიგოლს შეხედა. ამჯერად ისინი აღარ დალაპარაკებიან ერთმანეთს,მხოლოდ თავი გაიქნიეს. დავითმა არ იცოდა თუ გრიგოლი ის კაცი იყო,სამი საათის წინ რომ ბამბუკის ჯოხს ამოწმებდა. არც გრიგოლმა იცოდა, დავითი თუ ის კაცი იყო, ბამბუკის ჯოხი რომ გამოართვა.
   მერე გავიდა ორი წელიწადი და შვიდი თვე. გრიგოლი აღარსად შეხვედრია დავითს, რაღა თქმა უნდა, არც დავითი შეხვედრია გრიგოლს,მაგრამ ორი წლისა და შვიდი თვის შემდეგ ისინი მეექვსედ შეხვდნენ ერთმანეთს. 
   გრიგოლი დაფიქრებული მოდიოდა. ამ დროს თავისდა უნებრურად ჩქარი ნაბიჯით მიმავალი დავითი წაეჯახა.
      -ბოდიში! - თქვა დავითმა და ნაბიჯს კიდევ უფრო აუჩქარა.
      -არაფერს, - ანგარიშმიუცემლად უპასუხა ფიქრებში წასულს გრიგოლმა.
   დავითი უკვე შორს იყო, არც გაუგონია მისი ხმა.
   გავიდა კიდევ ორი წელი და გრიგოლი და დავითი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.ეს მეტროში მოხდა, გრიგოლი წინ იდგა, ესკალატორზე დავითი - უკან. გრიგოლი, ჩვეულებისამებრ, გაზეთს კითხულობდა. დავითმა მოულოდნელად მოჰკრა თვალი მეოთხე გვერდზე დაბეჭდილ სპორტულ ინფორმაციას, დაინტერესდა ,გრიგოლს მოხერხებულად ამოუდგა უკან და ინფორმაციის კითხვა დაიწყო. გრიგოლს უკან არ მოუხედავს, მაგრამ იგრძნო, რომ მის უკან მდგომი კაციც იმავე ინფორმაციას კითხულობდა და გაზეთი ისე დაიჭირა უცნობსაც რომ კარგად წაეკითხა.
      -კარგია, ჩვენებს მოუგიათ! - თქვა გრიგოლის ყურადღებით ნასიამოვნებმა დავითმა.
      -მერე თუ არ წახდნენ, კარგად მიდიან! - თქვა გრიგოლმაც.
   ამასობაში სადგურშიც ცავიდნენ. გრიგოლი მარჯვენა ბაქნისკენ წავიდა, დავითმა კი მარცხნივ გადაუხვია.
   ამის შემდეგ გრიგოლი დიდხანს აღარ შეხვედრია დავითს. აღარც დავითი შეხვედრია გრიგოლს,კიდევაც რომ შეხვედროდნენ, მაინც ვერ იცნობდნენ ერთმანეთს.
   ერთ მშვენიერ დღეს კი დავითმა თავისი ახალი "მოსკვიჩით" მცხეთისკენ გასწია. სპორტის სასახლის წინ, ტროლეიბუსის გაჩერებასთან სისწრაფის შენელება დაავიწყდა. უცებ კაცს მოჰკრა თვალი. ფეხი უმალვე დააჭირა მუხრუჭს...გვიანღა იყო. მანქანის ქვეშ გრიგოლი ეგდო. დავითი მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა. მასთან მიიჭრა. გრიგოლი აღარ სუნთქავდა...


პ.ს. მეც მყავს ასე ამოჩემებული რამდენიმე ადამიანი.ერთი სხვაობით - მათი არსებობის შესახებ მხოლოდ მე ვიცი,ისინი კი ნაკლებად მგონია,რომ ხვდებოდნენ რამეს და ასევე მაკვირდებოდნენ. ვინც "ჩემ დღეშია" ,ალბათ,თქმაც არ სჭირდება,რომ ეს ზედმეტად საინტერესო და სახალისო პროცესია. იმედია ჩემ უცნობ-ნაცნობებს და მე მსგავსი ფინალი არ გველის წინ.  

  

Saturday, July 30, 2011

It's a miracle..

არასდროს დავკვირვებულვარ, როგორ მისრულდებოდა სურვილები. ფაქტია,მათი უმეტესობა ამიხდა.იქიდან გამომდინარე,რომ ფეხბურთი ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გატაცებაა,ჩემი ოცნებები და სურვილებიც მას უკავშირდებოდა. მაგ: ვოცნებობდი,რომ მენახა შევჩენკო,იტალიის ნაკრები,მილანი,სან სირო..ა.შ.

მოდი,ვნახოთ,რა შედეგი გამოიღო ამ ყველაფერზე ოცნებამ:


 ანდრეი შევჩენკოს ავტოგრაფი,ჩამორთმეული,ცხადია,ჩემს მიერ..


მილანი-პორტო ალეგრესა და ბაიერნი-ბარსელონას მატჩზე, "ალიანს არენაზე".

იტალიის ნაკრების ნახვა,საქართველოში ჩამოსვლისას.

ვერაფერს იტყვით, "სან სიროს" ნახვის გარდა ყველა სურვილი ასრულებულია. ამ უკანასკნელს რაც შეეხება,არც მისი ნახვაა შორეული ოცნება. იტალიისგან არც ისე შორს ვარ,შესაბამისად "სან სიროს" ნახვაც მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია.



ახლა კი უშუალოდ ემოციების შესახებ :

სტუმრობა "ალიანს არენაზე".


ყველაფერი არაფრისგან დაიწყო. ფბ-ზე ნაცნობმა მომწერა,რომ მილანი ახლა ეთამაშებოდა ბაიერნს. ამის გაგება,მაშინ,როცა "ალიანს არენადან" ნახევარი საათის სავალზე ცხოვრობ ცოტა მძიმეა,ან კარგად მძიმე.რა თქმა უნდა დავიბოღმე,საკუთარი თავი დავტუქსე,ვიგინე,ვიტირე და როდესაც გავიგე,რომ მეორე დღესაც აქ იქნებოდნენ და ისევ ითამაშებდნენ დავიწყე გეგმების დაწყობა. ბილეთზე არც უნდა მეოცნება,ვინაიდან ყველა გაყიდული იყო. სხვა რა გზა მქონდა?! გადავწყვიტე,მაინც მივსულიყავი და გარეთ მაინც ვმდგარიყავი ქანდაკებასავით აღმართული.
გათენდა მეორე დღეც, 27 ივლისი.მოვითავე ჩემი საქმეები და 5-ის ნახევრისკენ დავიძარი მეტროსკენ.როგორც მოველოდი,ზღვა ხალხიმოედინებოდა,ვაგონები გადავსებული იყო.იქიდან გამომდინარე,რომ გზა არ ვიცოდი სტადიონამდე, ვინმესთან მიკედლება ყველაზე კაი გამოსავალი იქნებოდა,ჰოდა,ავარჩიე ერთი ოჯახი : მამა,ცოლი, და 3 ბავშვი, ერთი 15-16 წლის,ჩემ გულს რომ უხარია ხოლმე ისეთი მამრი.ჰო,ვთხოვე,რომ მათ გავყვებოდი,რაზეც ცხადია სიამოვნებით დამთანხმდნენ. გზაში ამ კაცს გამოვესაუბრე ბილეთის თაობაზე.მითხრა,რომ 3 თვის უკან დაჯავშნა და  წუხს მე რომ ვერ ვიშოვნი ბილეთს.როგორც იქნა მივედით.სტადიონისკენ მიმავალ გზაზე შევნიშნე,რომ რამდენიმე ადამიანი ბილეთს ყიდდა.ცხადია მივატოვე ის კეთილი ოჯახი,თავის სიმპატიურ ჭაბუკიანად და დავიძარი იმ ადგილისკენ,სადაც გადამყიდველები მეგულებოდა. დიახ,ბილეთები ჰქონდათ,მაგრამ მხოლოდ 70 ევროიანი,მე კი მხოლოდ 50 მქონდა. მივდიოდი ყველასთან,ვინც ყიდდა თუ არ ყიდდა ბილეთს,მაგრამ უშედეგოდ. იმედგადამშრალი,სადღაც სივრცეში ვიყურებოდი და ცოტაღა მაკლდა ტირილამდე,როცა უკნიდან ვიღაცამ დამიძახა და მკითხა მინდოდა თუ არა ბილეთი.ცხადია,ვიფიქრე,რომ ისევ 70 ევროიანს შემომთავაზებდა და უღიმღამოდ გავეპასუხე.ბილეთის ამოღებისას,როდესაც ფასს შევხედე სისხლმა ჩუხჩუხით დაიარა მთელი სხეული. 22 ევრო,ამხანაგებო,დიახ,ასე ღირდა ბილეთი,თუმცა მითხრა,რომ 30 ევროდ მომყიდდა.ეს მერე გავიგე,მაშინ ბილეთის გარდა ვერაფერს ვხედავდი და არც არაფერი მესმოდა. მე მქონდა ბილეთი!მე შევიდოდი სტადიონზე! მე ეს შევძელი,გამომივიდა!
არენამდე ჩემ მხსნელთან ერთად მივედი.გზად ბევრი ვისაუბრეთ.რატომღაც,საუბრისას 5 ევრო ამოიღო საფულედან და გამომიწოდა,ესეც გქონდესო.არ დამიწყია წუწუნი,მადლობა გადავუხადე და გამოვართვი.სტადიონზე რამის ყიდვაც შემომთავაზა,მაგრამ უარი ვუთხარი.არა,უხერხულობა არაფერ შუაშია,რა დროს ჭამა იყო,ამხანაგებო,რა დროს?! 
"ალიანს არენას" პირველად დანახვისას გამოწვეულ ემოციებზე ჩემ მხსნელს გულიანად ეცინებოდა. (ახლა დავაფიქსირე,რომ სახელიც არ მიკითხავს). რატომღაც ეგონა,რომ იტალიელი ვიყავი,სანამ შემთხვევით თბილისის "დინამოზე" არ დავუწყე საუბარი.ძალიან უცნაურია.რაც აქ ვარ ქართველის გარდა ყველა ეროვნების ადამიანს მამსგავსებენ,დაწყებული უკრაინელიდან (ვტფ),გაგრძელებული თურქით,რუსით და დამთავრებული ამერიკელით. (ოხ,ეს ჯორჯიის შტატი!)
ჰო,სტადიონზე შესვლის მომენტი გრანდიოზული იყო.შევედი და გადაიშალა საოცრება,მოსილი მწვანედ.ამინდიც შესანიშნავი იყო:სითბო,მზე..და,აი,გავიხედე მარჯვნივ და..და..პირველი ამბროზინი დავინახე,მერე გატუზო,რობინიო,პატო,აბიატი,ზეედორფი..ცრემლები თავისით მოდიოდა,ვერც ვამჩნევდი.გარშემო ხალხი მითანაგრძნობდა..შემდეგ დავაფიქსირე,შესვლისას როგორც დავჯექი,ისევე ავდექი,სკამის წვერზე ჩამომჯდარი.უკანალის ტკივილი მერეღა ვიგრძენი. ვუყურებდი ჩემ ბიჭებს და მიხაროდა ყველაფერი,ვამაყობდი ჩემი თავით!
თამაში შესანიშნავად დაიწყო.იბრაგიმოვიჩმა მე-3 წუთზე გენიალური გოლი გაიტანა.შემდეგ ცოტა ჩაწყნარდა თამაში,სანამ მოწინააღმდეგე გუნდმა არ გაათანაბრა ანგარიში.მეორე ტაიმში ისევ დავწინაურდით პატოს გოლით,თუმცა კვლავ მოახერხა მეტოქემ წონასწორობის აღდგენა.მატჩი 2-2 დასრულდა. ჯერი პენლებზე მიდგა და,აი,აქ მოხდა ის,რაც არ უნდა მომხდარიყო.
პენლების სერია ვალოტიმ გახსნა და გახსნა ძალიან ცუდად,ანუ ააცილა.მეორე ნიშნულთან კასანო მივიდა,მანაც ააცილა.რატომღაც ამანაც მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყა.შემდეგი იყო ოდო.მანაც მარცხენა კუთხე არჩია,თუმცა ამჯერად ბურთი ძელს მოხვდა.ბოლოს პატო დაიძრა,დაარტყა და..მანაც ააცილა.დარტყმა ისევ მარცხენა კუთხეში იყო..
ცხადია ამან ჩემზე იმოქმედა,მაგრამ ძალიანაც არ დამამძიმა.თან მეგობრული მატჩი იყო.აუდის თასი საბოლოო ჯამში ბარსამ წაიღო.
პენლების მიმდინარეობის დროს მოედანზე ბარსა და ბაიერნი უკვე გამოსულები იყვნენ და ვარჯიშობდნენ..საოაცრი მომენტი იყო : გენიალურ სტადიონზე ერთბაშად სამ გრანდს ვუყურებდი..
უკან წამოსვლისას თავში ყველა აზრი ერთად გროვდებოდა და იშლებოდა.მე ბედნიერი ვიყავი,რამდენიმე წუთის უკან 7 წლის ოცნება ამიხდა - ვნახე ჩემი საყვარელი გუნდი.
დიახ,მეგობრებო,ოცნებები სრულდება.მთავარია არასოდეს დაივიწყოთ ისინი..წინ ახალი ოცნებებია.დროის ათვლა დაწყებულია.
.მომავალ ოცნებების ასრულებამდე.

მატჩის მიმოხილვა: 



რამდენიმე ფოტო:








Monday, July 18, 2011

გზა გერმანიისკენ



02.07.2011.

ყველაფერი ძალზედ ემოციური იყო.კერძოდ,რა? რასაც საყვარელი ადამიანების საბოლოოდ ნახვა ან დიდი ხნით განშორება იწვევს.

აფრენა ცისკენ..   

"ნეტავ რა არის ზეცაში ასეთი იდეალური,რომ იქ წასული კაცი უკან მობრუნებული არ მინახავს?!წავალ მერე მეც,გავიგებ რა ხდება.."
ახლა უკვე ვიცი! იქ,ზემოთ სამოთხეა! დავყურებდი დედამიწას ზემოდან და გონებაში ზედიზედ ხვავდებოდა ფრაზების გროვა : მე ცაში ვარ! მე ცაში ვარ! ღრუბელი დამალობანას მეთამაშებოდა,შევიდოდი შიგნით და ათეთრებდა ყველაფერს დაბრმავებამდე.ამის შემდეგ,როცა ვინატრებ ღრუბელში ან ღრუბელზე ყოფნას,გამახსენდება ეს ემოცია და მხოლოდ თვალების დახუჭვა იქნება საჭირო,რომ მასზედ მოვკალათდე.ფანტაზიამ წყალი ბოლომდე დალია. რა ლამაზია ზეცა,ადამიანებო!იდეალური სივრცე,რომელიც გაშეშებს.ზემოდან დედამიწა ისეთი უსუსურია და ნაკლებად სასურველი.ფიქრობ : რა მინდა ქვემოთ?!როგორ ვიცხოვრე ამდენი ხანი,იქ?! მაოცებდა ხალხი,რომლებიც ფანჯარაში ყურების ნაცვლად გაზეთს ჩაჰკირკიტებდნენ,ან ფანჯარას ფარდით ფარავდნენ..ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი შეგრძნებაა,როდესაც ამ დიდ ჩიტში მჯდომი იმაზე იწყებ ფიქრს ახლა რომ ჩამოვარდესო.ჩემ თავს განგებ ავუკრძალე მსგავსი ფიქრები,რომ არ შევშინებულიყავი,მაგრამ გაოცებამ ტუჩთან მოიკალათა ღიმილის სახით,როდესაც ამაზე ფიქრი კი არ მაშინებდა,პირიქით - მაღიმებდა. სილამაზემ შთანთქა სიკვდილის შიში,მე გავიმარჯვე მასზეც!
 ასე იყო თუ ისე,მიზიდულობის ძალამ თავისი მაინც გაიტანა და ისევ დედამიწას მიმაჯაჭვა.ახლა ჩემი ახალი სახლის ფანჯრიდან  გავყურებ ცას და ვიხსენებ იმ წუთებს,როცა მასთან ახლოს ვიყავი.და,რაც მთავარია - ახლა მე უკვე ვიცი რა ხდება,იქ,ზემოთ!

Sunday, June 26, 2011

ფეხბურთი - მარადიული დღესასწაული

1981 წლის 13 მაისიდან დღემდე იგივეს განმეორების სურვილით ვიწვით ქართული ფეხბურთის ჭირისუფლები..არადა რა ძნელია ამ ყველაფერთან შეგუება იმის ფონზე, როდესაც ერთ დროს შენს ქვეყანას ჰყავდა გუნდი,რომელთაც 30-იან წლებში “დიდ ურუგვაელებს” ადარებდნენ.
მაშინ,ჩვენი ქვეყნის რიგებიდან ბრწყინავდნენ : შოთა შავგულიძე,ალექსანდრე დოროხოვი,არჩილ კიკნაძე,ბორის პაიჭაძე,გაიოზ ჯეჯელავა..
წლები გადის.ფეხბურთი უფრო ბიზნესს ემსგავსება ვიდრე სპორტს.ნელ-ნელა ქრებიან ჯენტლმენი ფეხბურთელები. იშვიათად ან აღარც მეორდებიან ყიფიანები და პაიჭაძეები.მათნაირი კორექტულობა და მაღალი სპორტული კულტურა.ფეხბურთი ზოგისთვის ოჯახის რჩენის საშუალებად იქცა.არადა,როგორი გენიალური სიტყვები დაგვიტოვა ვიტალი დარასელიამ: “ფეხბურთი იმით არის კარგი,რომ სიამოვნებას ღებულობ არა მარტო თამაშისგან,არამედ იმისგან,რომ ამ სიამოვნებას ანიჭებ მაყურებელს და თუ ამის ძალა არ შეგწევს-თამაშს თავი უნდა დაანებო". ეს შეგონება ჯეროვნად რომ იქნეს გათვალისწინებული ქართველი ფეხბურთელების მიერ,დამერწმუნეთ, საქართველოში ფეხბურთის მოთამაშეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირედბოდა.  
იყო დრო,როდესაც სსრკ-ს და არა მხოლოდ მათი სპორტული ჟურნალ-გაზეთები აჭრელებული იყო ჩვენი ფეხბურთელების ქებით.წერდნენ ვიტალი დარასელიაზე,თუ როგორ ხშირად ანიჭებდა ფეხბურთის მოყვარულთ ესთეტიკურ სიამოვენბას,როგორ ერკვეოდა ურთულეს სიტუაციებში და არც მისი საიერიშო კომბინაციების უბადლო წამოწყება ავიწყდებოდათ. წერდნენ ბორის პაიჭაძეზე: ”არ ყოფილა საბჭოთა კავშირში ისეთი თავდამსხმელი,როგორიც ბორისია.მასში თანაბრადაა შერწყმული მოედნის გასაოცარი ხედვა,პარტნიორის არჩევის მშვენიერი შეგრძნება,სისწრაფე და ბრწყინვალე დრიბლინგი."დღეს კი,ცოტას თუ ახსოვს მისი ზედმეტსახელი “მოხეტიალე თავდამსხმელი” რითაც იგი მსოფლიომ გაიცნო. და,რაც უფრო სასირცხვილოა,ზოგმა დღემდე არ იცის მისი სათამაშო პოზიცია. წერდნენ რამაზ შენგელიაზე,რომელიც უკვე 17 წლის ასაკში ტორპედოს წამყვანი მოთამაშე იყო,ხოლო 20 წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შეიყვანეს.21 წლის რამაზი საბჭოთა კავშირის ნომერ 1 მოთამაშედ აღიარეს.მასზე ამბობდნენ: “21 წლის შენგელია ისევე ოსტატურად თამაშობს,როგორც თავის დროზე ბორის პაიჭაძე თამაშობდა,რომელიც ახლა მას ბაბუად ეკუთვნის”.რამაზს ეკუთვნის დღემდე განუმეორებლი რეკორდები.ერთ-ერთი გახლავთ მისი გოლების რაოდენობა ,რომელიც 21 წლისათვის 70-ს ითვლიდა. წერდნენ იმაზეც,რომ ძნელად თუ მოიძებნებოდა ისეთი ფეხბურთელი,ვისაც თავისი გუნდისთვის იმდენი ამაგი დაედოს,რამდენიც ავთანდილ ღოღობერიძეს.ცოტას თუ ემახსოვრება საფეხბურთო მინდვრების ამოუცნობი საიდუმლოება და ქართველი კაცის ლაზათიანობის ლამაზი ლეგენდა- გაიოზ ჯეჯელავა. არ შეიძლება ორიოდ სიტყვა არ ითქვას დავით ყიფიანზეც. თბილისელი თავდამსხმელის ინტელექტითა და ელეგანტურობით აღბეჭდილი თამაშის სტილი, ბურთის ფლობის მაღალი დონე და რთული ტაქტიკური აზროვნება დაუვიწყარ გავლენას ახდენდა ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებელზე. შორს წაგვიყვანს ჩვენს საამაყო მოთამაშეებზე საუბარი.სათქმელი მართლაც რომ ბევრია.რად ღირს ალექსანდრე ჩივაძის,მიხეილ მესხის,დავით მუჯირის,ვლადიმერ გუცაევის,მანუჩარ მაჩაიძის,სერგო კოტრიკაძის,ოთარ გაბელიას და მრავალი სხვა მოთამაშის გენიალური კარიერის გახსენება. იყო დრო,როდესაც სტადიონზე გაკრული აბრები გვაუწყებდა: “ყველა ბილეთი გაყიდულია”. იყო სიხარული,იყო საფეხბურთო განწყობა.დღეს კი ტელევიზორშიც კი იშვიათად თუ შეავლებს თვალს უკმაყოფილო გულშემატკივარი,ისიც შემდეგი ფრაზით: “რა აზრი აქვს?მაინც წავაგებთ!” ოპტიმიზმი ჩავმარხეთ ღრმად და ახლა მხოლოდ ევროპულ გრანდებს ვქომაგობთ,რომელთაც ისედაც არ აკლიათ უჩვენოდაც ქომაგობა.
დღეს ქართული ფეხბურთი მკვდარია.იმედის თვალით შევყურებთ რამდენიმე ახალგაზრა ფეხბურთელს,რომელთაც უკვე უჭირავთ ხელში ბილეთი შორეული ევროპისაკენ. პრობლემა ძალზედ დიდია,ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს.მანამდე კი იმედის ბოლოს გარდაცვალების ჯიუტად დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ მოვა დრო, როდესაც ქართველი გულშემტკივარი გაითავისებს მოედანზე მე-12 ფეხბურთელის პოზიციას.
ერთ დღესაც იქნებ ვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში გადარჩენილი მსოფილოს საუკეთესო სპორტი - ფეხბურთი,როგორც მარადიული დღესასწაული.
29.11.2009