Monday, June 4, 2012

ფერმოსული

საოცარია,ამდენი ხანია აქ ვარ და მხოლოდ ახლა შევნიშნე,რომ ბაღში საქანელაც ჰკიდია.კარი გავაღე და მისკენ მონატრებული მეგობარივით ბედნიერი სახით გავემართე.დავჯექი და დიდხანს ვიქანავეთ.თავი უკან გადავაგდე და ცას ხან ვშორდებოდი და ხან ვურიგდებოდი.თმა ბალახს ეხახუნებოდა,სუნს ისრუტავდა.მერე სიყვარულისგან თავბრუ დამეხვა და გავჩერდი.გული სწრაფად მიცემდა.თავი დავხარე და ჩემ ნასკებამოცმულ ფეხებს გავუშტერე თვალი.ზედ ჭიანჭველები ამცოცებოდნენ.დარბოდნენ ზემოთ და ქვემოთ,ზემოთ და ქვემოთ. ლამაზი კადრია მეთქი,გავიფიქრე.ახლა მივხვდი რატომაა ფილმებში ყველაფერი მშვენიერი - იქ სივრცეა.ძნელი გასაგებია,ალბათ,მაგრამ,მე ზუსტად ვიცირასაც ვგულისხმობ და მიხარია,რომ გავიგე.
მაინც,როდის მომშორდება იმის განცდა,რომ ვიღაც მითვალთვალებს?! ახლაც უნებურად უკან გამეხედა.ჯიუტად მგონია,რომ იმ ფანჯრიდან ვიღაც მიყურებს.ვცდილობ წარმოვიდგინო რას ფიქრობს ჩემზე.იქნებ დამცინის ამხელა გოგოს ამ პატარა საქანელაზე შემოსკუპებულს რომ ხედავს.მან ხომ არ იცის ჩემ წონას ყველაფერი რომ უძლებს.ან,იქნებ ფიქრობს,რომ აქამდე არასდროს ვუნახივარ და აინტერესებს ვინ ვარ.იქნებ იმ ფანჯრის იქით არავინაა? ჩემი მეორე მე ამგვარი ფიქრებისას სულ თავის გამოსუფთავებით მემუქრება.რით ვეღარ ამიხდინა დანაპირები?იქნებ მერე მეც დავისვენო,ეჭვები კუთხეში მივამწყვდიო.
ადამიანი (ან მე) ხმებს მარტივად ვაჩვევთ ყურს.თავიდან თითქოს გვაწუხებს,აი,როოგრც ადრე,რუსთავში,მემაწვნე ქალის ყვირილი რომ მაღვიძებდა დილით.აქაც შევეჩვიე ძროხების ყელზე დაკიდებულ დიდ ჟღარუნა ზარებს,რომლებიც დილიდან დაღამებამდე ხმაურობენ,სანამ პატრონები საძოვრებს არ მოაშორებენ ოთხფეხა მეგობრებს.ალბათ მერე დამაკლდება კიდეც მათ ხმა.
რამდენი ხანია არ დამიწერია.რატომ? ალბათ იმიტომ,რომ მომენტს ველოდები,რომელიც აქამდე არ მოვიდა.ახლა მივხვდი,რომ მომენტი თავად უნდა შევქმნა. "იყოს,მერე დავწერ,ბევრი რომ დამიგროვდება სათქმელი" ვამბობდი.ახლა კი იმდენი დამიგროვდა,რომ აღარც ვიცი რითი დავიწყო,ამიტომ უბრალოდ გავჩერდები,ყავას გავიკეთებ და გავაგრძელებ მუსიკის მოსმენას.ბეთჰოვენის ნაწარმოებზე ბაღში ქარისგან დარხეული გვირილებისთვის თვალმოუშორებლად გიყურებიათ?მე,კი. : )

პ.ს. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე მქონდა.არამგონია ამაზე მეტჯერ გავამახვილო ყურადღება,ამიტომ,აქვე მივაჯრაბნი.ადამიანისგან საჩუქრად ერთი წიგნი და ბუნებისგან ლამაზი ამინდი მერგო.



1 comment:

gatvitcnobierebuli said...

ra kargi balaxi da saqanelaa .
mec minda msgavsi ezo : (