Thursday, August 4, 2011

ნაწყვეტი გურამ ფანჯიკიძის რომანიდან "თვალი პატიოსანი"

პირველი მოთხრობა.

   გრიგოლი და დავითი ერთმანეთს არ იცნობდნენ.გრიგოლისათვის რომ გეჩვენებინათ დავითი,გეტყოდათ,ამ კაცს არ ვიცნობ და არც არასოდეს მინახავსო. დავითისათვის რომ გეჩვენებინათ გრიგოლი ისიც ზუსტად ასე იტყოდა,ამ კაცს არ ვიცნობ და არც არასდროს მინახავსო. გრიგოლიც და დავითიც თბილისში ცხოვრობდნენ - ერთი საბურთალოზე, მეორე - ნავთლუღში. ერთი მასწავლებელი იყო, მეორე - ინჟინერი. ცხოვრობდნენ თავისთვის. გრიგოლმა არ იცოდა,რომ ამ ქვეყანაზე არსებობდა დავითი. თავის მხრივ, დავითმაც არ იცოდა, რომ ამ ქვეყანაზე არსებობდა გრიგოლი. დავითი ორმოცდასამი წლისა იყო, გრიგოლი - ორი წლით უფროსი. გრიგოლმა არც კი იცოდა,რომ თავისი ცხოვრების მანძილზე შვიდჯერ შეხვდა დავითს და ელაპარაკა კიდეც. არც დავითმა იცოდა,რომ ისიც ზუსტად ამდენჯერვე შეხვდა გრიგოლს და ელაპარაკა კიდეც. 
   პირველად ისინი ტროლეიბუსში შეხვდნენ ერთმანეთს,გრიგოლი წინ იდგა და გაზეთს კითხულობდა.
       -შეიძლება,გადააწოდოთ ბილეთის ფული? - უთხრა მას ვიღაც ჭაბუკმა.
გრიგოლი მაშინ ოცდაათი წლისა იყო, დავითი - ორი წლით უმცროსი.
      -რამდენი? - ჰკითხა გრიგოლმა და ფული გამოართვა.
      -ერთი.
   გრიგოლმა თავის მხრივ ფული ვიღაც წვეროსან კაცს გადააწოდა,თან გაზეთისთვის თვალი არ მოუცილებია. მალე წვეროსანმა გრიგოლს ბილეთი და ხურდა მიაწოდა, გრიგოლმა ხელი შემოსასვლელისკენ გაიშვირა.დავითმა ბილეთი და ხურდა გამოართვა.
   სამი გაჩერების შემდეგ ორივენი ჩამოვიდნენ. გრიგოლი მარჯვნივ წავიდა, დავითი - მარცხნივ.
   მეორედ სამი წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. დავითი ოპერის წინ იდგა და აფიშებს ათვალიერებდა. უცებ მასთან გრიგოლი მივიდა და ჰკითხა, რომელი საათიაო.
   დავითმა საათს დახედა.
        -ორს უკლია ჩვიდმეტი წუთი! - თქვა ისე ,რომ გრიგოლისთვის არც შეუხედავს.
   ამის შემდეგ გავიდა ხუთი წელიწადი.გრიგოლი აღარ შეხვედრია დავითს. რაღა თქმა უნდა, არც და დავითი შეხვედრია გრიგოლს, თუ არ ჩავთვლით ერთ შემთხვევას, როცა გრიგოლი თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "ტორპედოს" მატჩზე ჩრდილოეთის ტრიბუნაზე იჯდა მეორე იარუსის მესამე რიგში. დავითიც იმავე ტრიბუნაზე იჯდა სამი რიგით უკან და თექვსმეტი ადგილით მარცხნივ. მაშინ გრიგოლი არ გამოლაპარაკებია დავითს, არც დავითი გამოლაპარაკებია გრიგოლს, რადგან ერთმანეთს არ იცნობდნენ და ვერც ხედავდნენ.
   და აი ხუთი წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად ავტობუსში.
        -შემდეგ გაჩერებაზე ჩახვალთ? - ჰკითხა გრიგოლმა.
        -არა! - უპასუხა დავითმა.
        -იქნებ როგორმე გამატაროთ? 
        -თუ შევძელი,კი,ბატონო.
        -აბა, როგორმე ადგილები გავცვალოთ.
   დიდი წვალების შემდეგ გრიგოლმა და დავითმა ადგილები გაცვალეს.გრიგოლს არ შეუხედავს დავითისთვის, რადგან დავითი ზურგით იდგა. არც დავითს შეუხედავს გრიგოლისთვის, ისე იყო გაჭედილი, შემობრუნებაც კი ვერ მოახერხა.
   თერთმეტი თვის შემდეგ, მაისის ერთ მშვენიერ დღეს, ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველად - დილის თერთმეტ საათზე, სპორტულ მაღაზიაში, გრიგოლი ანკესებს ყიდულობდა და ბამბუკის ჯოხს ამოწმებდა.
        -შეიძლება?- ჰკითხა დავითმა და ბამბუკზე ანიშნა.
   გრიგოლმა ბამბუკი მიაწოდა და წავიდა.
   მეორედ სულ სამი საათის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს,გმირთა მოედანზე, ზოოპარკის წინ. გრიგოლი სიროფიან წყალს სვამდა,დავითი ტროლეიბუსს ელოდებოდა. ამ დროს ვიღაც მსუქანმა, თავგადახოტრილმა გიჟმა ჩამოიარა და ერთ დარბაისელ, ჭაღარა ქალს გავაზე უბწკინა. ქალმა შეჰკივლა. გიჟმა გადაიხარხარა და გაიქცა.
    გრიგოლს გაეღიმა და დავითს შეხედა. დავითმაც გაიღიმა და გრიგოლს შეხედა. ამჯერად ისინი აღარ დალაპარაკებიან ერთმანეთს,მხოლოდ თავი გაიქნიეს. დავითმა არ იცოდა თუ გრიგოლი ის კაცი იყო,სამი საათის წინ რომ ბამბუკის ჯოხს ამოწმებდა. არც გრიგოლმა იცოდა, დავითი თუ ის კაცი იყო, ბამბუკის ჯოხი რომ გამოართვა.
   მერე გავიდა ორი წელიწადი და შვიდი თვე. გრიგოლი აღარსად შეხვედრია დავითს, რაღა თქმა უნდა, არც დავითი შეხვედრია გრიგოლს,მაგრამ ორი წლისა და შვიდი თვის შემდეგ ისინი მეექვსედ შეხვდნენ ერთმანეთს. 
   გრიგოლი დაფიქრებული მოდიოდა. ამ დროს თავისდა უნებრურად ჩქარი ნაბიჯით მიმავალი დავითი წაეჯახა.
      -ბოდიში! - თქვა დავითმა და ნაბიჯს კიდევ უფრო აუჩქარა.
      -არაფერს, - ანგარიშმიუცემლად უპასუხა ფიქრებში წასულს გრიგოლმა.
   დავითი უკვე შორს იყო, არც გაუგონია მისი ხმა.
   გავიდა კიდევ ორი წელი და გრიგოლი და დავითი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.ეს მეტროში მოხდა, გრიგოლი წინ იდგა, ესკალატორზე დავითი - უკან. გრიგოლი, ჩვეულებისამებრ, გაზეთს კითხულობდა. დავითმა მოულოდნელად მოჰკრა თვალი მეოთხე გვერდზე დაბეჭდილ სპორტულ ინფორმაციას, დაინტერესდა ,გრიგოლს მოხერხებულად ამოუდგა უკან და ინფორმაციის კითხვა დაიწყო. გრიგოლს უკან არ მოუხედავს, მაგრამ იგრძნო, რომ მის უკან მდგომი კაციც იმავე ინფორმაციას კითხულობდა და გაზეთი ისე დაიჭირა უცნობსაც რომ კარგად წაეკითხა.
      -კარგია, ჩვენებს მოუგიათ! - თქვა გრიგოლის ყურადღებით ნასიამოვნებმა დავითმა.
      -მერე თუ არ წახდნენ, კარგად მიდიან! - თქვა გრიგოლმაც.
   ამასობაში სადგურშიც ცავიდნენ. გრიგოლი მარჯვენა ბაქნისკენ წავიდა, დავითმა კი მარცხნივ გადაუხვია.
   ამის შემდეგ გრიგოლი დიდხანს აღარ შეხვედრია დავითს. აღარც დავითი შეხვედრია გრიგოლს,კიდევაც რომ შეხვედროდნენ, მაინც ვერ იცნობდნენ ერთმანეთს.
   ერთ მშვენიერ დღეს კი დავითმა თავისი ახალი "მოსკვიჩით" მცხეთისკენ გასწია. სპორტის სასახლის წინ, ტროლეიბუსის გაჩერებასთან სისწრაფის შენელება დაავიწყდა. უცებ კაცს მოჰკრა თვალი. ფეხი უმალვე დააჭირა მუხრუჭს...გვიანღა იყო. მანქანის ქვეშ გრიგოლი ეგდო. დავითი მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა. მასთან მიიჭრა. გრიგოლი აღარ სუნთქავდა...


პ.ს. მეც მყავს ასე ამოჩემებული რამდენიმე ადამიანი.ერთი სხვაობით - მათი არსებობის შესახებ მხოლოდ მე ვიცი,ისინი კი ნაკლებად მგონია,რომ ხვდებოდნენ რამეს და ასევე მაკვირდებოდნენ. ვინც "ჩემ დღეშია" ,ალბათ,თქმაც არ სჭირდება,რომ ეს ზედმეტად საინტერესო და სახალისო პროცესია. იმედია ჩემ უცნობ-ნაცნობებს და მე მსგავსი ფინალი არ გველის წინ.  

  

4 comments:

beqa maisaia said...

მომწონს გურამ ფანჯიკიძის რომანები!
ყველაზე მეტად "სპირალი"

mtersasruti said...

kargi archevania. ))

Anonymous said...

ჯერჯერობით მხოლოდ ეს რომანი მაქვს წაკითხული ფანჯიკიძის და ძალიან მომეწონა როცა წავიკითხე :)

Unknown said...

sruli el versia ar gaqvT?