Saturday, July 30, 2011

It's a miracle..

არასდროს დავკვირვებულვარ, როგორ მისრულდებოდა სურვილები. ფაქტია,მათი უმეტესობა ამიხდა.იქიდან გამომდინარე,რომ ფეხბურთი ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გატაცებაა,ჩემი ოცნებები და სურვილებიც მას უკავშირდებოდა. მაგ: ვოცნებობდი,რომ მენახა შევჩენკო,იტალიის ნაკრები,მილანი,სან სირო..ა.შ.

მოდი,ვნახოთ,რა შედეგი გამოიღო ამ ყველაფერზე ოცნებამ:


 ანდრეი შევჩენკოს ავტოგრაფი,ჩამორთმეული,ცხადია,ჩემს მიერ..


მილანი-პორტო ალეგრესა და ბაიერნი-ბარსელონას მატჩზე, "ალიანს არენაზე".

იტალიის ნაკრების ნახვა,საქართველოში ჩამოსვლისას.

ვერაფერს იტყვით, "სან სიროს" ნახვის გარდა ყველა სურვილი ასრულებულია. ამ უკანასკნელს რაც შეეხება,არც მისი ნახვაა შორეული ოცნება. იტალიისგან არც ისე შორს ვარ,შესაბამისად "სან სიროს" ნახვაც მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია.



ახლა კი უშუალოდ ემოციების შესახებ :

სტუმრობა "ალიანს არენაზე".


ყველაფერი არაფრისგან დაიწყო. ფბ-ზე ნაცნობმა მომწერა,რომ მილანი ახლა ეთამაშებოდა ბაიერნს. ამის გაგება,მაშინ,როცა "ალიანს არენადან" ნახევარი საათის სავალზე ცხოვრობ ცოტა მძიმეა,ან კარგად მძიმე.რა თქმა უნდა დავიბოღმე,საკუთარი თავი დავტუქსე,ვიგინე,ვიტირე და როდესაც გავიგე,რომ მეორე დღესაც აქ იქნებოდნენ და ისევ ითამაშებდნენ დავიწყე გეგმების დაწყობა. ბილეთზე არც უნდა მეოცნება,ვინაიდან ყველა გაყიდული იყო. სხვა რა გზა მქონდა?! გადავწყვიტე,მაინც მივსულიყავი და გარეთ მაინც ვმდგარიყავი ქანდაკებასავით აღმართული.
გათენდა მეორე დღეც, 27 ივლისი.მოვითავე ჩემი საქმეები და 5-ის ნახევრისკენ დავიძარი მეტროსკენ.როგორც მოველოდი,ზღვა ხალხიმოედინებოდა,ვაგონები გადავსებული იყო.იქიდან გამომდინარე,რომ გზა არ ვიცოდი სტადიონამდე, ვინმესთან მიკედლება ყველაზე კაი გამოსავალი იქნებოდა,ჰოდა,ავარჩიე ერთი ოჯახი : მამა,ცოლი, და 3 ბავშვი, ერთი 15-16 წლის,ჩემ გულს რომ უხარია ხოლმე ისეთი მამრი.ჰო,ვთხოვე,რომ მათ გავყვებოდი,რაზეც ცხადია სიამოვნებით დამთანხმდნენ. გზაში ამ კაცს გამოვესაუბრე ბილეთის თაობაზე.მითხრა,რომ 3 თვის უკან დაჯავშნა და  წუხს მე რომ ვერ ვიშოვნი ბილეთს.როგორც იქნა მივედით.სტადიონისკენ მიმავალ გზაზე შევნიშნე,რომ რამდენიმე ადამიანი ბილეთს ყიდდა.ცხადია მივატოვე ის კეთილი ოჯახი,თავის სიმპატიურ ჭაბუკიანად და დავიძარი იმ ადგილისკენ,სადაც გადამყიდველები მეგულებოდა. დიახ,ბილეთები ჰქონდათ,მაგრამ მხოლოდ 70 ევროიანი,მე კი მხოლოდ 50 მქონდა. მივდიოდი ყველასთან,ვინც ყიდდა თუ არ ყიდდა ბილეთს,მაგრამ უშედეგოდ. იმედგადამშრალი,სადღაც სივრცეში ვიყურებოდი და ცოტაღა მაკლდა ტირილამდე,როცა უკნიდან ვიღაცამ დამიძახა და მკითხა მინდოდა თუ არა ბილეთი.ცხადია,ვიფიქრე,რომ ისევ 70 ევროიანს შემომთავაზებდა და უღიმღამოდ გავეპასუხე.ბილეთის ამოღებისას,როდესაც ფასს შევხედე სისხლმა ჩუხჩუხით დაიარა მთელი სხეული. 22 ევრო,ამხანაგებო,დიახ,ასე ღირდა ბილეთი,თუმცა მითხრა,რომ 30 ევროდ მომყიდდა.ეს მერე გავიგე,მაშინ ბილეთის გარდა ვერაფერს ვხედავდი და არც არაფერი მესმოდა. მე მქონდა ბილეთი!მე შევიდოდი სტადიონზე! მე ეს შევძელი,გამომივიდა!
არენამდე ჩემ მხსნელთან ერთად მივედი.გზად ბევრი ვისაუბრეთ.რატომღაც,საუბრისას 5 ევრო ამოიღო საფულედან და გამომიწოდა,ესეც გქონდესო.არ დამიწყია წუწუნი,მადლობა გადავუხადე და გამოვართვი.სტადიონზე რამის ყიდვაც შემომთავაზა,მაგრამ უარი ვუთხარი.არა,უხერხულობა არაფერ შუაშია,რა დროს ჭამა იყო,ამხანაგებო,რა დროს?! 
"ალიანს არენას" პირველად დანახვისას გამოწვეულ ემოციებზე ჩემ მხსნელს გულიანად ეცინებოდა. (ახლა დავაფიქსირე,რომ სახელიც არ მიკითხავს). რატომღაც ეგონა,რომ იტალიელი ვიყავი,სანამ შემთხვევით თბილისის "დინამოზე" არ დავუწყე საუბარი.ძალიან უცნაურია.რაც აქ ვარ ქართველის გარდა ყველა ეროვნების ადამიანს მამსგავსებენ,დაწყებული უკრაინელიდან (ვტფ),გაგრძელებული თურქით,რუსით და დამთავრებული ამერიკელით. (ოხ,ეს ჯორჯიის შტატი!)
ჰო,სტადიონზე შესვლის მომენტი გრანდიოზული იყო.შევედი და გადაიშალა საოცრება,მოსილი მწვანედ.ამინდიც შესანიშნავი იყო:სითბო,მზე..და,აი,გავიხედე მარჯვნივ და..და..პირველი ამბროზინი დავინახე,მერე გატუზო,რობინიო,პატო,აბიატი,ზეედორფი..ცრემლები თავისით მოდიოდა,ვერც ვამჩნევდი.გარშემო ხალხი მითანაგრძნობდა..შემდეგ დავაფიქსირე,შესვლისას როგორც დავჯექი,ისევე ავდექი,სკამის წვერზე ჩამომჯდარი.უკანალის ტკივილი მერეღა ვიგრძენი. ვუყურებდი ჩემ ბიჭებს და მიხაროდა ყველაფერი,ვამაყობდი ჩემი თავით!
თამაში შესანიშნავად დაიწყო.იბრაგიმოვიჩმა მე-3 წუთზე გენიალური გოლი გაიტანა.შემდეგ ცოტა ჩაწყნარდა თამაში,სანამ მოწინააღმდეგე გუნდმა არ გაათანაბრა ანგარიში.მეორე ტაიმში ისევ დავწინაურდით პატოს გოლით,თუმცა კვლავ მოახერხა მეტოქემ წონასწორობის აღდგენა.მატჩი 2-2 დასრულდა. ჯერი პენლებზე მიდგა და,აი,აქ მოხდა ის,რაც არ უნდა მომხდარიყო.
პენლების სერია ვალოტიმ გახსნა და გახსნა ძალიან ცუდად,ანუ ააცილა.მეორე ნიშნულთან კასანო მივიდა,მანაც ააცილა.რატომღაც ამანაც მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყა.შემდეგი იყო ოდო.მანაც მარცხენა კუთხე არჩია,თუმცა ამჯერად ბურთი ძელს მოხვდა.ბოლოს პატო დაიძრა,დაარტყა და..მანაც ააცილა.დარტყმა ისევ მარცხენა კუთხეში იყო..
ცხადია ამან ჩემზე იმოქმედა,მაგრამ ძალიანაც არ დამამძიმა.თან მეგობრული მატჩი იყო.აუდის თასი საბოლოო ჯამში ბარსამ წაიღო.
პენლების მიმდინარეობის დროს მოედანზე ბარსა და ბაიერნი უკვე გამოსულები იყვნენ და ვარჯიშობდნენ..საოაცრი მომენტი იყო : გენიალურ სტადიონზე ერთბაშად სამ გრანდს ვუყურებდი..
უკან წამოსვლისას თავში ყველა აზრი ერთად გროვდებოდა და იშლებოდა.მე ბედნიერი ვიყავი,რამდენიმე წუთის უკან 7 წლის ოცნება ამიხდა - ვნახე ჩემი საყვარელი გუნდი.
დიახ,მეგობრებო,ოცნებები სრულდება.მთავარია არასოდეს დაივიწყოთ ისინი..წინ ახალი ოცნებებია.დროის ათვლა დაწყებულია.
.მომავალ ოცნებების ასრულებამდე.

მატჩის მიმოხილვა: 



რამდენიმე ფოტო:








Monday, July 18, 2011

გზა გერმანიისკენ



02.07.2011.

ყველაფერი ძალზედ ემოციური იყო.კერძოდ,რა? რასაც საყვარელი ადამიანების საბოლოოდ ნახვა ან დიდი ხნით განშორება იწვევს.

აფრენა ცისკენ..   

"ნეტავ რა არის ზეცაში ასეთი იდეალური,რომ იქ წასული კაცი უკან მობრუნებული არ მინახავს?!წავალ მერე მეც,გავიგებ რა ხდება.."
ახლა უკვე ვიცი! იქ,ზემოთ სამოთხეა! დავყურებდი დედამიწას ზემოდან და გონებაში ზედიზედ ხვავდებოდა ფრაზების გროვა : მე ცაში ვარ! მე ცაში ვარ! ღრუბელი დამალობანას მეთამაშებოდა,შევიდოდი შიგნით და ათეთრებდა ყველაფერს დაბრმავებამდე.ამის შემდეგ,როცა ვინატრებ ღრუბელში ან ღრუბელზე ყოფნას,გამახსენდება ეს ემოცია და მხოლოდ თვალების დახუჭვა იქნება საჭირო,რომ მასზედ მოვკალათდე.ფანტაზიამ წყალი ბოლომდე დალია. რა ლამაზია ზეცა,ადამიანებო!იდეალური სივრცე,რომელიც გაშეშებს.ზემოდან დედამიწა ისეთი უსუსურია და ნაკლებად სასურველი.ფიქრობ : რა მინდა ქვემოთ?!როგორ ვიცხოვრე ამდენი ხანი,იქ?! მაოცებდა ხალხი,რომლებიც ფანჯარაში ყურების ნაცვლად გაზეთს ჩაჰკირკიტებდნენ,ან ფანჯარას ფარდით ფარავდნენ..ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი შეგრძნებაა,როდესაც ამ დიდ ჩიტში მჯდომი იმაზე იწყებ ფიქრს ახლა რომ ჩამოვარდესო.ჩემ თავს განგებ ავუკრძალე მსგავსი ფიქრები,რომ არ შევშინებულიყავი,მაგრამ გაოცებამ ტუჩთან მოიკალათა ღიმილის სახით,როდესაც ამაზე ფიქრი კი არ მაშინებდა,პირიქით - მაღიმებდა. სილამაზემ შთანთქა სიკვდილის შიში,მე გავიმარჯვე მასზეც!
 ასე იყო თუ ისე,მიზიდულობის ძალამ თავისი მაინც გაიტანა და ისევ დედამიწას მიმაჯაჭვა.ახლა ჩემი ახალი სახლის ფანჯრიდან  გავყურებ ცას და ვიხსენებ იმ წუთებს,როცა მასთან ახლოს ვიყავი.და,რაც მთავარია - ახლა მე უკვე ვიცი რა ხდება,იქ,ზემოთ!