Friday, November 19, 2010

ჩემი პატარა ტრაგედია.




ძლივს შესამჩნევად ეგდო მიწაზე:მობუზული,დახუჭული თვალებით. მეგონა მკვდარი იყო.მაინც მივედი,ავიყვანე და მას მერე ჩემი ხელისგული ვუქციე ბუდედ. ამ პატარა ბუმბულის ნაგლეჯმა გამიღვიძა მოვალეობის,ვიღაცაზე ზრუნვის გრძნობა.სულ რამდენიმე გრამით დამიმძიმა ოთახი,მაგრამ სწორედ ეს უმნიშვნელო გრამები იყო მიზეზი ჩემი სიხარულისა.
თავიდან იმედი მომცა,-კარგად ვარ,კიდევ უფრო გამოვკეთდებიო.მეც გავშალე შეკეცილი ფრთები და დავიწყე იმ დღეზე ფიქრი,როდესაც პირველად გაფრინდებოდა ცისკენ.ვეტერინარმაც დამაიმედა 2 კვირა გამოკვებე და მერე თვითონ გაფრინდებაო.შევყარე ყველა,ბუზს სანაგვეს აღარ ვაკარებინებდი არავის.საჭმლის პირთან მიტანის დროს,მისი გაღებული ნისკარტი ჩემი სიხარულთან მიგებების ტოლფასი იყო.


-ახლა წესით მკვდარი უნდა იყოს,მაგრამ,შენი წყალობით ,ნახე,კარგადაა.-მეუბნებოდნენ და მეც ვირწმუნე,რომ გმირი ვარ,რომ ძალიან,ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებდი.და მაშინ,როდესაც თითქმის ყველაფერი იდეალურად უნდა დაგვირგვინებულიყო,ჩემი პატარა მეგობარი გამიფრინდა ხელიდან და სხეული მე დამიტოვა.შევრჩი ოთახს მარტო.აბა,მე სად შემიძლია ფრენის ასე მალე სწავლა.მე დედამიწაზე ყოფნა მაქვს მისჯილი მთელი ცხოვრება.
მაგიდის ქვეშ ძლივს შესამჩნევად მოკუნტული იწვა.მეგონა,ეძინა.სხეულის უაზროდ მოგრეხილი კონტურები რომ შევნიშნე,მივხვდი ნაადრევად ისწავლა ფრენა.შეცდა ვარაუდში ვეტერინარი,შევცდი-მეც.
ალბათ ,ყველა ვერ ეგუება ამ გახრწნილ დედამიწას.ზოგი ცხოვრების საოცრად პატარა მონაკვეთში იაზრებს ამას და მიდის,იქ,სადღაც...


ჩემი ჩიტუნას სიკვდილის გამო პროტესტს ვუცხადებ სხვა ბეღურებს,რომლებმაც იგი არ მიიკარეს.მათ ყოველ დილით ჩემს აივანზე აღარ დახვდებათ არც პური და არც-წყალი.
დედამიწის მასას გამოაკლდა რამდენიმე ძვირფასი გრამი და რამდენიმე მილიონი კილოგრამით დაბინძურებული მასა ისევ აგრძელებს ტრიალს. ასეთია ჩვენი "სამართლიანი" ყოფადობა წაკუზულ დედამიწაზე!

მე მეგობარი მომიკვდა წუხელ,
ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ,
როდესაც ვეღარ უძლებენ წუხილს
და ნებდებიან ბოლოს და ბოლოს.


ო.ჭილაძე.

პ.ს. და, მაინც, მე ძალიან მინდოდა მენახა მისი პირველი გაფრენა ცისკენ.

Friday, November 12, 2010

ჩემი ბათუმური ვოიაჟი (პროზის და პოეზიის კონკურსი)

ყველაფერი დაიწყო იმით,რომ გაისმა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი (ზარად მიყენია),რომელმაც მამცნო,რომ ჩემი ნაწაერმოები გავიდა რჩეულ ფინალისტებში.სიხარულზე მეტად გაკვირვებამ მომხვია ხელი.ამის მიზეზი ის იყო,რომ განსაკუთრებული ინტერესის და მონდომების გარეშე ვიმოქმედე ,ასეთ დროს კი როგორც წესი შედეგს ნაკლებად ელი ხოლმე. გაკვირევბა-სიხარულმა რომ ჩაიარა,პირველი რაც გონებაში ამოტივტივდა იყო გზის ფული,ანუ 46 ლარი,რომელიც უბრალოდ არ გამაჩნდა.არ დავიწყებ თქვენი ინტერესის წვალებას,არც თავის შეცოდებას და პირდაპირ გეტყვით-ვისესხე!
დადგა 6 ნოემბერი.მოვამწყვდიე ჩანთაში ერთი-ორი პირადი ნივთი და გავწიე ვაგზლისაკენ.აღსანიშნავია,რომ იქ არავის არ ვიცნობდი,საზოგადოებაც ისეთი არ დამხვდა,როგორსაც ველოდი.ჩემზე გაცილებით დიდი ასაკის ხალხი იყო.ერთი კი ვინანე წამოსვლა,მაგრამ სიახლის სურვილი ჯერ კიდევ მიღიტინებდა და თავი ვინუგეშე.ნელ-ნელა სხვებიც მოვიდნენ და ახალგაზრდებიც გაერივნენ.
ამასობაში დავემშვიდობე გაგას და როგორც მჩვევია ხოლმე-დავდექი განცალკევებით.არც არავის უყრია ტლინკები,არიქა,მოდი,გაგვეცანიო.(მსგავსი გამოხტომები უკვე უშუალდ ბათუმში განახორციელეს). ტუჩის კვენტას რომ მოვყევი სიტუაციით უკმაყოფილომ,გვერდით გავიხედე და ჯერაც მეტროში მდგარი გაგა დავინახე,რომელიც მე მიყურებდა.ზემოთ ნახსენები სიახლის სურვილი მოქმედებდა მედგრად,თორემ "ერთი თქვენიც და თქვენი კონკურსისაც" და გაგასკენ გაქცევა იმ დროს ყველფერს მერჩივნა.ნუ,ცოტა ხასიათზე მოვედი და ამასობაში მატარებლისკენაც დავიძარით.
კუპეში ერთი მამრი და ორი მდედრი დამიმეზობლდა.2-მა ცოტა ხნის მერე დაგვტოვა.გევრდითა კუპეში საზეიმო ვითარებას შეუერთდნენ.მე დრო ვიხელთე და პლეერს შევესისხლხორცე.ჩემმა ეულმა მეწყვილემ მალევე დაიძინა,კუპეში ყველა სინათლე ჩავაქრე და კომფორტულად მოვკალათდი ფანჯარასთან.1-2 საათი სრულად ვისიამოვნე ამ ინტიმური ტრანსპორტით და ვარკსვლავებიანი ცის ცქერით.
გამთენიისას 6-7 საათისკენ ჩავედით ბათუმში.მოვლენებს გადავახვევ და მოკლედ ვიტყვი-დავბინავდით სასტუმრო "თანამგზავრში".ოთახში ორ გოგონასთან ერთად მოვთავსდი.თავიდან მაწუხებდნენ,მაგრამ, მეორე დღეს იმ საზოგადოებაში ყველაზე ახლო ურთიერთობა მათთან გავაჩაღე.


ჩემი ნომერი